სხვა

18:05 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი მედალი მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე

თბილისში მიმდინარე 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. საუბარია ვაჟთა ხმლით გუნდურ შეჯიბრზე, სადაც ქართველებს ბრინჯაო ერგოთ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო ბაზაძე, ლუკა ობოლაძე და საბა სულამანიძე იცავდნენ. ქართველი მოფარიკავეები ბრძოლაში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაებნენ, სადაც რუსეთთან 39:45 წააგეს, მე-3 ადგილისთვის პაექრობაში კი ბელარუსები დაჯაბნეს – 45:35. ფინალში იტალიამ რუსეთი 45:42 დაამარცხა.

ქალთა რაპირაში სულ 4 ნაკრები მონაწილეობდა, ამდენად, პირდაპირ ნახევარფინალები შედგა, სადაც პოლონეთმა საქართველოს (თეონა გოგლიძე, ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ ცუხიშვილი, ანა მელია) 45:17 მოუგო, რუსეთმა კი იტალიას აჯობა – 45:41.

გადამწყვეტ შერკინებაში რუსებმა პოლონეთი დაჯაბნეს (45:27), ასევე აშკარა იყო იტალიელების უპირატესობა ქართველებთან ბრინჯაოს შეხვედრაში – 45:20.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ანა ბიბიჩაძე, ნიცა იაგორაშვილი, ქრისტინე მიქაძე, მარია ზაკირჩენკო) მე-5 პოზიცია დაიკავა დაშნით ფარიკაობაში. მასპინძლებმა მეოთხედფინალში გერმანიასთან 23:45 წააგეს, მე-5 პოზიციისთვის მატჩში კი აზერბაიჯანს აჯობეს – 45:19.

ფინალში იტალიამ პოლონეთი დაჩაგრა (45:36), ბრინჯაოს მედლები კი რუსეთის ნაკრებს ერგო, რომელმაც გერმანია 45:32 დაამარცხა.

28 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო შეჯიბრებები ჩატარდება. მედლები გუნდურ ტურნირებში კიდევ სამ კატეგორიაში გათამაშდება: კაცთა დაშნაში, კაცთა რაპირასა და ქალთა ხმალში.

0.117197