ფეხბურთი

16:08 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიჭი მელიავა: “უმაღლესში დასარჩენად ვიბრძოლებთ”

“მერანის” 21 წლის მარჯვენა მცველი - კიჭი მელიავა მარტვილელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის მცველებთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც დაცვიდან თავდასხმაში ხშირად ერთვება და საკმაოდ შედეგიანადაც. ჩვენი ცნობით, მისით უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. მელიავამ   გორის “დილასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დავუკავშირდით ფეხბურთელს და მის მომავალ გეგმებზე გავესაუბრეთ.

 _ როდის და სად დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

 _ შვიდი წლის წინ მარტვილში დავიწყე თამაში, მაშინ “სალხინო” ერქვა ამ გუნდს, მას შემდეგ აქ ვარ. ძალიან შევეჩვიე აქაურობას, ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ და ვცდილობთ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შევძლოთ.

 _ პოზიციით მარჯვენა მცველი ხართ, თუმცა ხშირად ერთვებით შეტევაში. Eეს მწვრთნელის დავალებაა თუ ინდივიდუალურად აკეთებ.

 _ დიახ მწვრთნელის დავალებაა და მეც კმაყოფილი ვარ, რომ ამის შანსი მაქვს. მთავარია გუნდმა წარმატებას მიაღწიოს დ იმ პოზიციაზე ვითამაშებ სადაც მეტყვიან.

_ “დილასთან” საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანეთ..

_ კარგი გოლი გამომივიდა და მადლობა ღმერთს რომ ასე მოხდა. რა თქმა უნდა თანაგუნდელების დამსახურებაცაა. ორმაგად ბედნიერი ვარ, ამ სეზონში ეს ჩემი პირველი გოლია და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ გოლმა შედეგი მოგვცა. მთელმა გუნდმა იბრძოლა, ყოველივე ამან მოგვიტანა გამარჯვება.

 _ მიუხედავად ამისა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ხართ. როგორ ფიქრობთ შეძლებთ უმაღლესში დარჩენას?

 _ დიახ ბოლო ადგილზე ვართ, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ უმაღლესში ადგილი  რომ შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა თუ წინასწარ გარიგებული თამაშები არ იქნება.

_ ანუ?

_ ყველამ კარგად იცის ქართულ ფეხბურთში რაც ხდება, ქულების მიცემაზე მაქვს საუბარი. საკმაოდ საეჭვო შედეგებით სრულდება ხოლმე მატჩები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პრობლემაზე ყველა საუბრობს, მაგრამ ამით რა? საბოლოო ჯამში ყველა მართალი და სუფთაა. მიუხედავად ასეთი ქაოსური სიტუაციისა, გუნდში ამაღლებული განწყობაა და თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

_ სხვა გუნდებიდან თუ გაქვს შემოთავაზებები?

_ ვიცი რომ რამდენიმე კლუბი დაინტერესებული იყო ჩემით, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, არ მიყვარს წინასწარ საუბარი. ახლა მთლიანად “მერანზე” ვარ კონცენტრირებული და მინდა გუნდთან ერთად შევძლოთ მთავარი ამოცანის შესრულება.

 

ედემი ელერჯია  

 

0.143052