კალათბურთი

12:55 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დურანტის შოუ და გამარჯვება "მემფისთან"

 

Chesapeake Energy Arena-ზე "ოკლაჰომას" და "მემფისის" დაპირისპირებით პლეი ოფის მეორე რაუნდი გაიხსნა. უაღრესად საინტერესო და დაძაბულ მატჩში "თანდერმა" კევინ დურანტის გმირობის ხარჯზე ბოლო წამებზე მეოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა (93:91) და სერიაშიც დაწინაურდა - 1:0.

შეხვედრა მასპინძლებმა საშინლად დაიწყეს და მათი ნატყორცნი 10 ბურთიდან მიზანს მხოლოდ ერთმა უწია. თავის მხრივ, ვერც "გრიზლისი" ბრწყინავდა შეტევაში - ვერ ისარგებლა მეტოქის ამ ჩავარდნით და მხოლოდ 2-ქულიანი სხვაობით მოიგო პირველი მეოთხედი - 16:14.

მეორე პერიოდში "ოკლაჰომა" ნელ-ნელა გამოფხიზლდა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა კევინ მარტინმა სრულიად შეცვალა შეხვედრის მიმდინარეობა, 12 წუთში დააგროვა რა 15 ქულა. წარმატებით ამუშავდა კევინ დურანტიც და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, სულაც აღარ იყო გასაკვირი, რომ დიდ შესვენებაზე უკვე მასპინძლები გავიდნენ ლიდერის რანგში - 47:46.

ლაიონელ ჰოლინზმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გადააწყო თავისი გუნდის ტაქტიკა, რის შემდეგაც სამწამიან ზონაში გაცილებით უფრო აქტიური გახდა მარკ გაზოლისა და ზაკ რენდოლფის სუპერდუეტი. მათ პირად დაპირისპირებაში აშკარად დაჩაგრეს "თანდერის" მაღლები კენდრიკ პერკინსი და სერჟ იბაკა. "მემფისმა" ისევ ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და დაცვაში შესრულებული მშვენიერი სამუშაოს შემდეგ სტუმრებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ. ქუინსი პოინდექსტერმა მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე სირენასთან ერთად საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო სამქულიანი ტყორცნა და გადამწყვეტ მეოთხედს სტუმრები 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ - 73:64.

მატჩში დაძაბულობამ პიკს უწია. "მემფისი" მცირე უპირატესობას ფლობდა, თუმცა "ოკლაჰომა" არ ეპუებოდა და ნამდვილი "ნერვების ომი" გაჩაღდა. მასპინძელთა რიგებში აიწყვიტა კევინ დურანტმა, რომელიც ბოლო წუთებზე ფაქტობრივად ყველა შეტევას წარმატებით ასრულებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 67 წამით ადრე მარკ გაზოლის მიერ სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ბურთის შემდეგ, სტუმართა უპირატესობამ 3 ქულას მიაღწია - 90:87. საპასუხო შეტევაში "მოუხეშავმა" კენდრიკ პერკინსმა დაკარგა ბურთი, რითაც მეტოქეს ბრწყინვალე შანსი აჩუქა საბოლოო წარმატებისა, მაგრამ ტაიშონ პრინსმა ვერ ჩააგდო და შეხვედრაში ინტრიგა ისევ დიდი დოზით დარჩა. დურანტმა ეს აღარ აპატია "მემფისს". კევინმა დარჩენილ მცირე დროში ზედიზედ 4 ქულა აიღო და "ოკლაჰომა" წინ გაიყვანა - 91:90. "მემფისის" აღებულმა ტაქტიკურმა ჯარიმებმა არ გაამართლა და საბოლოოდ სკოტ ბრუქსის შეგირდებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვეს - 93:91.

მატჩის გმირი, რაღა თქმა უნდა, "დურანტულა" გახდა, რომელიც კლუბის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც პლეი ოფის მატჩში 35 ქულის, 15 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოახერხა.

"ნიუ იორკმა" საკუთარ არენაზე "ინდიანას" უმასპინძლა და ნაჩვენები უსახური თამაშის ფონზე ლოგიკური მარცხიც იწვნია - 95:102.

"პეისერსმა" პირველივე წუთებიდან მეტოქეს თავისთვის კომფორტული სათამაშო სტილი მოახვია თავს - ნელი ტემპი და პოზიციური შეტევები. როი ჰიბერტმა პირად დუელში აშკარად დაჩაგრა ტაისონ ჩენდლერი, ორმაგი დუბლი მიითვალა ლენს სტივენსონმა (11 ქულა, 13 მოხსნა), ტრადიციულად აქტიური იყო დევიდ ვესტი, რომელიც შეტევასა და დაცვაში ერთნაირად სასარგებლოდ ირჯებოდა. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა გამთამაშებელმა პი ჯეი ოგასტინმა კი იდეალურთან მიახლოებული პროცენტით ისროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, ჩააგდო რა 6-დან 5 (16 ქულა). კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლ ჯორჯის სახით "ინდიანას" და ნბა-ს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. 23 წლის კალათბურთელმა ყველა გადამწყვეტ მომენტში ულიდერა საკუთარ გუნდს და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვებაში.

"ნიქსის" რიგებში კი არ მოიძებნებოდა კალათბურთელი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებდა და მთელი მატჩის განმავლობაში გუნდი კარმელო ენტონის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, "მელოს" კი აშკარად გასასწორებელი ჰქონდა მიზანი, რადგან მისი განხორციელებული 28 სროლიდან მიზანს მხოლოდ 10-მა უწია. ჯეი არ სმიტმაც ანალოგიურად ბევრი ბურთი ააცილა თავისუფალი პოზიციებიდან - ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, "ინდიანამ" ლოგიკური გამარჯვება იზეიმა და სერიაშიც დაწინარუდა - 1:0.

 

ნიუ იორკი - ინდიანა 95:102 (27:22, 19:30, 19:29, 30:21)

ნიუ იორკი: პრიჟიონი, ფელტონი (18), ჩენდლერი (4), შამპერტი (11), ენტონი (27+11მ); სმიტი (17), მარტინი (12), კიდი, კოუპლენდი (6), კემბი

ინდიანა: ჰილი (14), სტივენსონი (11+13მ), ჰიბერტი (14), ვესტი (20), ჯორჯი (19); ტ. ჰენსბრო (8), ოგასტინი (16), იანგი, მაინმი

 

ინდიანა იგებს სერიას 1:0

 

ოკლაჰომა - მეფისი 93:91 (14:16, 33:30, 17:27, 29:18)

ოკლაჰომა: ჯექსონი (12), სეფოლოშა (4), პერკინსი (2), იბაკა (5), დურანტი (35+15მ+5პ); მარტინი (25), კოლისონი (2), ფიშერი (8), ტაბიტი, ლიგინსი

მემფისი: კონლი (13), ალენი (3), გაზოლი (20+10მ), რენდოლფი (18+10მ), პრინსი (9); დულინგი, არტური (2), პოინდექსტერი (13), ბეილესი (10), დეი (3)

 

ოკლაჰომა იგებს სერიას 1:0

 

0.145155