ფეხბურთი

18:48 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კემპბელმა, შესაძლოა, მოგზაურობა გააგრძელოს

 

 კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა ჟოელ კემპბელმა, შესაძლოა "მეთოფეთა" მაისურით კვლავ ვერ ითამაშოს. ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი კოსტარიკელს კვლავ გაასხვისებს.

22 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "მილანი" და "ნიუკასლი" იჩენენ, თუმცა რეალური წინადადებით ლონდონელთათვის არცერთ კლუბს არ მიუმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" თავდამსხმელის გასაყიდადაც მზადაა და კემპბელის სანაცვლოდ 13 მილიონ გირვანქას ითხოვს.

2011 წელს ინგლისელებმა კოსტარიკული "საპრისადან" კემპბელი 1 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს. მას შემდეგ, ლონდონელებს თავდამსხმელი "ლორიენში", "ბეტისსა" და "ოლიმპიაკოსში" ჰყავდათ განათხოვრებული. გასულ სეზონში კემპბელმა პირეოსელთა მაისურით 43 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში 58-ე წუთზე კოსტარიკელმა "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა გოლი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა _ 2:0.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კონკაკაფის წარმომადგენლის სენსაციური ასპარეზობა ყველას გემახსოვრებათ. აღნიშნულ ტურნირზე 22 წლის თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ურუგვაის წინააღმდეგ 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე ურენას მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა _ 3:1.

გიორგი ბალახაძე

0.117582