ჩოგბურთი

10:48 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეი ნიშიკორი: “ჩემი მიზანი ათეულში შესვლაა”

24 წლის კეი ნიშიკორიმ წლეულს უკვე 2 ტურნირი მოიგო. ბარსელონას შეჯიბრებაზე გამარჯვების შედეგად აზიელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 12-ე ადგილამდე დაწინაურდა და როგორც თავად აცხადებს, საამსეზონოდ უძლიერესთა ათეულში შესვლას იმედოვნებს.

- უპირველესად რითაა განპირობებული თქვენ მიერ Barcelona Open Banc Sabadell-ზე მოპოვებული შეჯიბრების მთავარი პრიზი?

- მთლიანად ჩემი სამწვრთნელო გუნდის მონდომება და პროფესიონალიზმი რომ არა, ვერაფერს მივაღწევდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული შრომისა და დახმარებისთვის.

- მომავალ ტურნირებზეც წარმატებით გამოსვლის იმედი და საფუძველი თუ გაქვთ?

- ბარსელონაში დაუფლებული ტიტული და მაიამის “მასტერზ1000”-ზე წარმატებული თამაში მეტ დამაჯერებლობას მძენს. ახლო მომავალში მადრიდში, რომსა და საფრანგეთის ღია პირველობაზე ვიასპარეზებ. ვიმედოვნებ, სამივე შეჯიბრებაზე კარგად გამოვალ და სარეიტინგო ქულებსაც ბლომად მოვიხვეჭ.

- გრუნტის საფარიან კორტზე თამაში არ გიჭირთ?

- არა. ამგვარ კორტზე ასპარეზობას ბავშვობიდან კარგად ვარ გაშინაურებული. 14 წლისას გრუნტის საფარის სარბიელზე ბევრი ევროპული ტურნირი მქონდა მოგებული. მართალია, ამჟამად ჰარდზე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე გრუნტზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე სეზონია “როლან გაროსის” ტიპის საფარზეც საკმაოდ წარმატებით გამოვდივარ და ამგვარ კორტზე საასპარეზოდ გასვლისას შიშის გრძნობაც არ მაქვს.

- მიმდინარე სეზონის მსვლელობისას რა მიზნის მიღწევას ისახავთ?

- ჩემი მომდევნო ამოცანა რეიტინგსიის პირველ ათეულში მოხვედრაა. ასევე ვიმედოვნებ, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლებას მოვიპოვებ. ყველაზე რთული მოპოვებული შენარჩუნებაა, მაგრამ მიღწეულის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ.

0.122687