ვენაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, ზაზა კედელაშვილსა (73 კგ) და ლევან წიკლაურს (81 კგ) ბრინჯაოს მედლებს თითო გამარჯვება აშორებთ.
კედელაშვილი, რომელიც 2006, 2007 და 2008 წლებში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა კონტინენტის ჩემპიონი, ავსტრიულ ევროპირველობაზე ერთი წონით მაღლა ჭიდაობს და რომ არა ნახევარფინალში, პორტუგალიელ ჟოაო პინასთან მარცხი, მეოთხე ტიტულსაც შეუტევდა. ამ შეხვედრის ბედი პორტუგალიელის იპონმა გადაწყვიტა, მეოთხე წუთზე. ნახევარფინალამდე კედელაშვილმა 3 მეტოქე ჩამოიცილა. ბელარუს ვიტალი შაულიუკსა და ესტონელ კინტერ როტბერგს 2-2 წუთში მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, დირკ ვან ტიჩელტს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით აჯობა.
პინასთან წაგების შემდეგ ზაზა კედელაშვილი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ფრანგ უგო ლეგრანს შეხვდება.
ლევან წიკლაური (81 კგ) საჩემპიონო ბრძოლას მეოთხედფინალში, ფრანგმა ანტუან ჯანინმა მტკივნეული ილეთით გამოთიშა. იქამდე, ქართველმა ლიტველ რადვილას მატუკასს იუკოთი სძლია, ხოლო ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი სამწუთნახევარში შებოჭა.
რეპეშაჟში გადართული წიკლაური სლოვენიელ ალჯაზ სედეჟს გასცდა და “ბრინჯაოს ფინალში” ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს დაეჭიდება.
ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენი შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







