კალათბურთი

19:32 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა შენგელია: “ქართულ კალათბურთში ცვლილებები მომავალი სეზონიდან იგეგმება”

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელმძღვანელობაში ახალი სახეები მოვიდნენ. როგორც პრეზიდენტი (მიხეილ გაბრიჩიძე), ისე გენერალური მდივანი (გიორგი ქართველიშვილი) და ვიცეპრეზიდენტები (კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა) ვეტერანი კალათბურთელები არიან.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აღნიშნულ არჩევნებში გაბრიჩიძე, შენგელია და ვლადიმერ ბოისა პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ, ხოლო ქართველიშვილი, როგორც გამგეობის წევრი, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა.

“მსოფლიო სპორტი” ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტ კახა შენგელიას დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

-    თქვენ, როგორც ვიცეპრეზიდენტს, ფედერაციაში რა გევალებათ?

-    როგორც საქართველოს ეროვნულ, ისე ასაკობრივ ჩემპიონატებს ვკურირებ. 

-    თქვენი მოსვლის შედეგ ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში ცვლილებები თუ იქნება?

-    მიმდინარე ჩემპიონატი როგორც დაიწყო, ისე ჩავამთავრებთ. მომავალი, 2014-15 წლების სეზონისთვის ცვლილებები აუცილებლად იქნება. 

-    კონკრეტულად რა ცვლილებები გაქვთ მხედველობაში?

-    აუცილებლად იქნება პირველი ლიგა, რომლის გამარჯვებული უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსნის ადგილს დაიკავებს, ხოლო უმაღლეს ლიგაში ხელმოცარული გუნდი პირველ ლიგაში გადაინაცვლებს. გაიზრდება ასაკი 20 წლამდელთა ჩემპიონატში, სადაც მომავალი სეზონიდან 23 წლამდე კალათბურთელები იასპარეზებენ. თითოეულ გუნდს უფლება ექნება სამი ლეგიონერი აიყვანოს, ხოლო მოედანზე ერთდროულად ყოფნის უფლება ორ ლეგიონერს შეეძლება.

-    ქალთა კალათბურთში თუ იგეგმება ცვლილებები?

-    ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალთა ჩემპიონატი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. გამორიცხული არაა, ცვლილებათა სია გაიზარდოს.

0.108009