კახა კალაძე დღეს 35 წლის გახდა. უდიდესი ტკივილი და უდიდესი სიხარული - ძნელად დაასახელებ ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც კალაძესავით მძიმე წუთები და ასევე, აღმაფრენა ჰქონია. რატომღაც, ხშირად მახსენდება ის მომენტი, საქართველო-იტალიის მატჩის დაწყებამდე, ჰიმნისას ბავშვივით რომ ტიროდა... ეს 2001 წლის 2 ივნისს, თბილისში. ძმის, ლევანის ამბავს განიცდიდა.
აბა, რა ეფეხბურთებოდა, მაგრამ კახა პროფესიონალი იყო.
საქართველოს 4-გზის ჩემპიონი და თასის 4-გზის მფლობელი, უკრაინის 3-გზის ჩემპიონი და თასის 3-გზის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი ერთხელ გახდა და ერთხელ თასი, ასევე სუპერთასიც მოიგო.
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ მოიგო (2003, 2007), ერთხელ კი ფინალი წააგო. ასევე 2-ჯერ გახდა ევროპის სუპერთასის მფლობელი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონიცაა. 3-ჯერ მოიგო "ტიმ ტროფი" და 6-ჯერ - "ბერლუსკონის თასი". ამას გარდა, ბევრი ინდივიდუალირი პრიზი...
ამას რომ ვწერთ, დღევანდელ რეალობაში გვიკვირს, რომ ამხელა წარმატებებს ქართველმა ფეხბურთელმა მიაღწია. ის მსოფლიოს რჩეულ კლუბში ფიგურა გახლდათ და კაპიტნის სამკავურსაც ანდობდნენ.
თქმა რად უნდა: კალაძე ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
აქვე, კახა კალაძის 10 საუკეთესო მატჩს გამოვარჩევთ:
1. 2005. "მილანი"-"ინტერი" 1:0 (ჩემპიონატი). "დერბი დელა მადონინას" ბედი კახა კალაძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 71-ე წუთი იყო, კლარენს ზეედორფმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კახამ კარგად მიიღო ბურთი მკერდზე, დაიგდო და აუღებელი დაურტყა ჟულიო სეზარს.
სულ სხვაა, როცა ამხელა მნიშვნელობის მატჩში გადამწყვეტი გოლი მცველს გააქვს.
2. 1997. საქართველო-იტალია 0:0 (მუნდიალის შესარჩევი). სწორედ ეს იყო კახას კარიერაში საკვანძო მატჩი. მე-19 წუთზე კაპიტანი კახა ცხადაძე დაშავდა და მის ნაცვლად, დავით ყიფიანმა 19 წლის კახა კალაძე შეიყვანა. დავალება? კრისტიან ვიერის წინააღმდეგ თამაში.
იმ დროს ვიერი ფანტასტიკურ ფორმაში იყო, გოლი გოლზე გაჰქონდა და როგორია, 19 წლის ბიჭმა უნდა გააჩეროს. გააჩერა.
3. 2005. "რომა"-"მილანი" 0:2 (ჩემპიონატი). კალაძე საუკეთესო იყო. ისე გაილაღა, რომ გარემარბად გვევლინებოდა. კახას მშვენიერი რეიდისა და ჩაწოდების შემდეგ, ერნან კრესპომ თავურით ანგარიში გახსნა.
იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა კალაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
4. 1998. "დინამო" (კიევი)-"სპარტაკი" (მოსკოვი) 1:0 (დსთ-ის თასის ფინალი). კალაძე ახალი გადასული იყო ვალერი ლობანოვსკის გუნდში. ფინალში სწორედ ქართველმა მარცხენა მცველმა გაიტანა გამარჯვების გოლი. 57-ე წუთი იყო, კახამ შეტევა დაიწყო, ანდრეი შევჩენკოსთან კედელი გაითამაშა და ზუსტად დაარტყა.
5. 2003. საქართველო-რუსეთი 1:0 (ევრო-2004-ის შესარჩევი). კახამ მშვენივრად ჩაატარა ეს მატჩი და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ რუსებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ მთელ შეხვედრაში. ეს გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და საამაყო იყო ნაკრების ისტორიაში.
6. 2011. საქართველო-ხორვატია 1:0 (ევრო-2012-ის შესარჩევი). კახამ, ისევე როგორც მთელმა გუნდმა, ყველაფერი გაიღო. დიდ უპირატესობას ფლობდნენ ხორვატები, კახას კი, მეტწილად სრნასა და პეტრიჩის წინააღმდეგ უწევდა თამაში. გაუძლო შეტევებს და გავიხსენოთ, კობიაშვილის გოლისას, შეტევაში კახაც მონაწილეობდა.
რუსეთი რუსეთად, 2011 წლის ხორვატია კი უფრო ძლიერი ნაკრები იყო, ვიდრე ვალერი გაზაევის გუნდი 2003 წელს.
7. 1998. "ლანსი"-"დინამო" (კიევი) 1:3 (ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი). ეს იყო ჯგუფის ბოლო ტური. ჯგუფის, რომელშიც ამ ორი გუნდის გარდა, "პანათინაიკოსი" და "არსენალი" იყვნენ. კიეველებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ "ლანსთან" სტუმრად მოგება იოლი არ იყო. მე-60 წუთამდე 0:0 იყო და ანგარიში კალაძემ გახსნა - თავურით შეაგდო.
8. 2002. "მილანი"-"რეალი" 1:0 (ჩემპიონთა ლიგა, II ჯგუფური ეტაპი). შესაძლოა, კახას საუკეთესო მატჩი იყო "მილანში". ქართველმა ლუიშ ფიგუ გაანეიტრალა, არადა, ფიგუ იმ დროს ისეთ ფორმაში იყო, როგორც არასდროს. ერთადერთი გოლი შევჩენკომ გაიტანა.
9. 1999. "დინამო" (კიევი)-"რეალი" 2:0 (ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი). პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა და კიევში, შესვენებამდე უფრო მეტს "რეალი" უტევდა. კახა რაულის, მორიენტესისა თუ ზეედორფის შეტევებს უმკლავდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, მორიენტესის შეჭრისას, აშკარა გოლს გადაარჩინა კიეველები.
მეორე ნახევარში "დინამომ" ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ორივე - შევჩენკომ.
10. 2003. "მილანი"-"იუვენტუსი" 0:0, პენალტებით 3:2 (ჩემპიონთა ლიგის ფინალი). კალაძემ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ეს მის ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო. ნერვების თამაში იყო 120 წუთის განმავლობაში, ერთი შეცდომაც კი ძვირად დაჯდებოდა. კახამ კარგად ითამაშა, ერთხელ სწრაფი შეტევისას შორიდან გატანაც სცადა და ბუფონმა აუღო. მართალია, პენალტების სერიაში ვერ გაიტანა, მაგრამ ეს ვიღას ახსოვდა - "მილანმა" მაინც მოიგო და ქართველმა ჩემპიონთა თასი ასწია.
არ გვითქვამს კახას საუკეთესო გოლზე. ასეთი საქართველოში გაიტანა, თბილისის "დინამოს" მაისურით - მაკრატელა გორის "დილას" კარში. იმ დროს კახა 16 წლის იყო.
ვიდეო:







