ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძე ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ “ტრომსიოსთან” მატჩის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი მსაჯმა დაასამარა.
“მატჩი ყველამ ნახა. მასზე საუბარს აზრი არ აქვს. ძალიან საწყენია ევროთასებზე გამოსვლის დასრულება ასეთი თამაშის შემდეგ. მსაჯების მსგავსი განწყობა არასოდეს მინახავს. მათ დაგვასამარეს. პირველ მატჩში 0:2 დამარცხების შემდეგ, ბიჭებს ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდათ, რომელიც რთული დასაძლევია. ჯერ კიდევ იმ მატჩის მერე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი არაა, მაგრამ არავინ დამიჯერა. საერთო ჯამში ჩემი შეგირდებით კმაყოფილი ვარ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში ისინი ძალიან ჩქარობდნენ. მეტოქე მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ალექსანდრე იაშვილი იმიტომ შევცვალე, რომ დაიღალა. შესაძლოა, ის უფრო ადრე უნდა შემეცვალა, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა, რომ გაიტანდა”, – იუწყება ცხადაძის სიტყვებს აზერბაიჯანული გამოცემა extratime.az-ი.
ცხადაძის აზრით, განვლილ შეხვედრაში მის ფორვარდებს ეგოიზმი არ ეყოთ:
“რა არ გვეყო? ჩემი აზრით, ჩვენს ფორვარდებს ეგოიზმი აკლდათ. ისინი ყოველთვის პასის მიცემას ცდილობენ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მეტოქის კარისკენ თავად უნდა წახვიდე. ლაშა სალუქვაძეს დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ის 100 პროცენტით მზად არაა. მას დრო სჭირდება, რომ ფორმაში შევიდეს. ვაღიარებ, რომ მოსამზადებელ პერიოდში სასელექციო სამუშაო ჩავაგდეთ. 24 ივნისამდე გუნდი არ მყავდა. ეს შეცდომა მე და ჩემმა ასისტენტებმა დავუშვით. ჩემპიონატის დაწყებამდე მინიმუმ კიდევ ერთი თავდამსხმელი უნდა შევიძინოთ”.