ფეხბურთი

15:11 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "მერანი” ზედა ექვსეულისთვის იბრძოლებს"

 

გამოცდილი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, მარტვილის "მერანი" ახალგაზრდა კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა. ეროვნულ ჩემპიონატში მისი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, თუმცა "მერანის" რთულ კალენდარს და საკადრო პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, ძნელია ამაში მთავარი მწვრთნელი დაადანაშაულო, "მერანს" ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული.

თუმცა, ცუდ სტარტთან ერთად, ჩხეტიანმა უკვე პირველ წარმატებასაც მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით "მერანმა" ლანჩხუთის "გურიასთან" სასურველი ანგარიშით დაასრულა შეხვედრა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

 კახა ჩხეტიანს “მსოფლიო სპორტი” სწორედ "გურიასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდა.

 _ მეოთხედფინალში გასვლას გილოცავთ. რის ხარჯზე შეძლო "მერანმა" საკმაოდ რთული მეტოქის დამარცხება?

_ გმადლობთ. ამდენი წაგების შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. თან ბევრი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, რომლებიც ახლა შედიან ფორმაში. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა საკუთარ თავში მოძებნეს ძალა, ირწმუნეს, რომ მოგება შეიძლება და კარგი თამაშის ხარჯზე შევძელით მიგვეღწია სასურველი მიზნისთვის.

_ მთავარი მწვრთნელის პოსტზე "მერანი" თქვენთვის პირველი გუნდია. რა არის მიმდინარე ჩემპიონატში "მერანის" მთავარი მიზანი?

_ დიახ, ჩემთვის უმაღლეს ლიგაში, მთავარი მწვრთნელის რანგში, “მერანი” მართლაც პირველი გუნდია, თუმცა ამ დონეზე გარკვეული მუშაობის გამოცდილება მაქვს. ქუთაისის "ტორპედოში" ყოფნისას, ისეთი მწვრთნელის ასისტენტად ვმუშაობდი როგორიც გია გეგუჩაძეა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. რაც შეეხება "მერანის" მიზნებს, გუნდი ზედა ექვსეულისთვის იბრძოლებს.

_ გუნდის გაძლიერების გარეშე რთული ხომ არ იქნება ამ მიზანზე ფიქრი?

_ რა თქმა უნდა, გაძლიერებას ვგეგმავთ. აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს. მალე გამოჯანმრთელდებიან ტრავმირებულებიც, "გაგრადან" დავიმატეთ ძალიან პერსპექტიული მცველი ჯემალ გაბუნია, რომელიც მომდევნო თამაშიდან შემოგვიერთდება, ასევე ვაკვირდებით ერთ უცხოელ ფეხბურთელსაც და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

 საერთოდ უნდა ითქვას, რომ ყურადღებას ვამახვილებთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე და გვინდა შევქმნათ ისეთი ანგარიშგასაწევი გუნდი რომელიც უახლოეს მომავალში სხვა, უფრო მაღალ მიზნებზეც იფიქრებს.

 _ ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს უმეტეს კლუბებს, მარტვილის "მერანსაც" სტადიონის პრობლემა აქვს. გუნდს სამტრედიაში უწევს საშინაო თამაშების ჩატარება, რა ხდება ამ კუთხით?

_ ძნელია როცა საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობ. გუნდის ხელმძღვანელობა მუშაობს ამ საკითხზე ბატონი ფრიდონ ინჯიას თაოსნობით. ბევრი გააკეთა ამ ადამიანმა "მერანისთვის" და კარგი იქნება გვერდში თუ დაუდგებიან შესაბამისი ორგანოები. მარტვილში შენდება ახალი სასტუმრო გუნდისთვის, ასევე იგეგმება მეორე ტრიბუნის გაკეთება, მთავარი პრობლემა მინდვრის საფარია და იმედია ამასაც მოევლება.

 განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "მერანის" ერთგულ გულშემატკივრებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მძიმე პერიოდი უდგას და ზედიზედ რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ, აქტიურად გვიჭერენ მხარს და სჯერათ ჩვენი. მალე მოიკრებს "მერანი" ძალებს და ერთად მივაღწევთ ბევრ გამარჯვებებს.

_ წარმატებებს გისურვებთ.

 

 ედემი ელერჯია


 

0.119305