ფეხბურთი

14:43 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჭუმბურიძე - "საბურთალოს" გეგმებზე, "ატლეტიკოს" ჭაბუკების ჩამოსვლაზე

რა დროსაც უნდა მიხვიდეთ "საბურთალოს" ბენდელას სტადიონზე, იქ სულ ჟრიამულია, უამრავი ბავშვი ვარჯიშობს. "საბურთალოს" არც წინა წლებში აკლდა მსგავსი რამ, წლიდან წლამდე იზრდება. ახლა ხომ პირველი გუნდი პირველ ლიგაში გამოდის, თანაც, იქ ასაკობრივი ნაკრებების არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. მალე კი, "საბურთალო" ერთ ახალ სტადიონს აითვისებს – გლდანში, სადაც "ამერი" თამაშობდა.  

ამ ყველაფერზე "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს გავესაუბრეთ:

- "საბურთალო" როდის ითამაშებს გლდანში?

- სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს კეთილმოწყობილი იქნება ერთი დიდი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. როგორც იცით, იქ გარშემოც არის მოედნები და ისინიც ნოემბრის ბოლოს სრულ მზადყოფნაში იქნება. სწორედ ნოემბრიდან გადავა იქ "საბურთალოს" აკადემია.

- ანუ, გლდანში მხოლოდ პირველი გუნდი ითამაშებს და ივარჯიშებს?

- არა მხოლოდ. იქ ითამაშებენ 2003 წელს დაბადებულებიდან დაწყებული, თითოეული ასაკის პირველი გუნდები. დანარჩენები კი "ბენდელაზე" და იოსებიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე იქნებიან. იოსებიძის ქუჩაზე ერთი მოედანი იყო და ახლა მეორეც კეთდება. აქვე ვიტყვი, რომ გლდანში, ყოფილი "ამერის" სტადიონი, სავარაუდოდ, რამაზ შენგელიას სახელობისა გახდება.

- "საბურთალოზე" ამ ზაფხულს გაიზარდა ბავშვების რაოდენობა?

- რა თქმა უნდა. 500-მდე იყო, ახლა კი 600 ბავშვია.

- პირველი გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს და როგორც ვიცით, მაინცდამაინც უმაღლესში გადასვლა არ იგეგმება.

- ამ სეზონში ნამდვილად არ იგეგმება, რადგან ეს ბიჭები ჯერ იზრდებიან, დიდი ფეხბურთისკენ ნაბიჯებს დგამენ. მომავალი სეზონიდან კი ვნახოთ.  

- შარშან დეკემბერში ოთხთა ტურნირი მოაწყვეთ "ბენდელაზე", სადაც "საბურთალოს", თბილისის "ლოკომოტივის", ჰოლანდიური "ვიტესის" და ესპანური 'მალაგას" 1996-1997 წელს დაბადებულთა გუნდები თამაშობდნენ. ეს ტურნირი "საბურთალომ" მოიგო. წლეულს რომელი გუნდები იქნებიან ამ ტურნირზე?

- ისევ დეკემბერში იგეგმება. "ვიტესმა" ამჯერად უარი თქვა ჩასმოსვლაზე, სამაგიეროდ, ისრაელის ჰაიფას "მაკაბიმ" თანხმობა წერილობით დაგვიდასტურა. ასევე, დიდი შანსია, ტურნირზე ჩამოვიდნენ გერმანული "ჰოფენჰაიმი", ავსტრიული "რაპიდი" და ესპანური მადრიდის "ატლეტიკო". ამ კლუბებთან კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს.

- ბაჩანა არაბულის საკითხი როგორ არის? ის "საბურთალოდანაა" ესპანურ "ალკორკონში" იჯარით წასული, თუმცა სამუშაო უფლება არ მიუღია და ვერ თამაშობს.

- 20-30 დღე სჭირდება საამისოდ, რომ სამუშაო უფლება მიიღოს. ესპანეთში რატომღაც პრობლემა შეიქმნა ამ მხრივ, თუმცა მოწესრიგდება.

0.158308