შაბათ-კვირას გამართული სანაკრებო და Top 14-ის მატჩების პარალელურად, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ქართველი პირველხაზელი გურამ კავთიძე, რომელიც 2008 წლიდან “ლიონის” შემადგენლობაში ირიცხება და 2011/2012 წლების სეზონში პირველი ელიტარული დივიზიონის 11 მატჩში ერთი ლელოც აქვს გატანილი, Pro D2-ის ამჟამინდელი ლიდერი გუნდიდან ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბურგ-ან-ბრესში” გადავიდა ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ყვითელი ბარათით “აღნიშნა”. მისი, თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის და გიორგი სულუაშვილის გუნდმა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 35:12 დაამარცხა.
მჭედლიძე, შარიქაძე და დათუნაშვილი ნაკრებთან ერთად ლისაბონში იმყოფებოდნენ. ნაცარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მესამე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. კავთიძემ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა, სინბინით კი, 31-ე წუთზე დაისაჯა. აღსანიშნავია, რომ მის გაძევებას მალევე საჯარიმო ლელო მოყვა. “ორიაკმა” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, მაგრამ თავად სამი გაუშვა და 12:25 ჩამორჩა. მეორე ტაიმში “ბურგ-ან-ბრესმა” კიდევ 10 ქულა აიღო და 30 ქულით მე-14 ადგილზე აღზევდა, ხოლო “ორიაკი” 42 ქულით მე-9 პოზიციამდე დაეშვა.
კავთიძის ყოფილი და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი” 69 ქულით პირველ ადგილზეა. ქართველი მესამეხაზელი ნაკრებს პორტუგალიელთა ძლევაში ეხმარებოდა, მისმა გუნდმა კი, ერთ-ერთი მდევარი “პო” სტუმრად 22:19 დაამარცხა და პოზიციები გაიმყარა. ლიონელთა უახლოესი მდევარი, ტარიელ რატიანიძის “აჟენი”, ქართველი პირველხაზელის გარეშე სტუმრად “ბურგონთან” 6:12 დამარცდა, ერთ ქულას დასჯერდა და 62 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” თორნიკე ლომიძის “ოში” 17:6 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. “ლა როშელი” 59 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ოში” 27 ქულით ბოლოსწინა მე-15 საფეხურს იკავებს.
ქართულ დერბიში გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბიმ”, ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” სტუმრად 26:14 დაამარცხა. სტუმართა ქართველი ლეგიონერებიდან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ პირველხაზელმა მირცხულავამ მიიღო და ის თამაშში 52-ე წუთიდან ჩაება. ნემსაძე და ჩხაიძე ეროვნული გუნდისთვის ირჯებოდნენ. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა გარემარბმა თოდუამ, ხოლო თეთრაშვილმა მოედანზე დასკვნითი 20 წუთი გაატარა.
“ალბიმ” ტაიმი 14:8 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში მათ ჯარიმა მიიღეს, 65-ედან 69-ე წუთამდე კი, ორი ლელო და თითო-თითო ჯარიმა და გარდასახვა გაუშვეს. ამან ისინი უქულოდ დატოვა და ჯამში 30 ქულით მე-13 პოზიციაზეა არიან, ხოლო “ტარბმა” ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა, 50 ქულით მე-6 პოზიციამდე დაწინაურდა და საპლეიოფო მეხუთე ადგილს ორი ქულაღა აშორებს.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” 39 ქულით მე-11 ადგილზეა. განვლილ ტურში ქართველი პირველხაზელის გუნდმა “დაქსი” 12:10 დაამარცხა. ბექა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა, მატჩის საბოლოო შედეგი კი, 58-ე წუთის შემდეგ აღარ შეცვლილა. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 15-16 თებერვალს გაიმართება.