რაგბი

19:13 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავშირმა წარმატებული წელი შეაჯამა - საუკეთესოები გორგოძე და ხმალაძე არიან

 

საქართველოს რაგბის კავშირმა 2013 წლის შედეგები შეაჯამა, რომელიც უდაოდ წარმატებული იყო, დააჯილდოვა გამორჩეული სპორტსმენები, გუნდები და სამომავლო გეგმების ნაწილიც გაამხილა.

როგორც წესი, წლის ბოლოს სრკ-მ რაგბში მოღვაწე საზოგადოება საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელსაც დიდუბის გამოფენამ უმისპინძლა და მის დასაწყისში სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტრომ ერთი დღით ადრე საუკეთესო მენეჯერად დაასახელა, დამსწრე საზოგადოებას გასული წლის შედეგები მოკლედ გააცნო.

გიორგი ნიჟარაძე: “ამ საზეიმო ღონისძიებაზე თავი რომ არ შეგაწყინოთ, ყურადღებას მხოლოდ 2013 წლის გამორჩეულ მომენტებზე გავამახვილებ. ამ კუთხით, უწინარესად “ერთა თასის” მოგება უნდა აღვნიშნოთ. ახლა მხოლოდ  ერთი ნაბიჯი დაგვრჩა მსოფლიო თასზე იმ ადგილიდან გასასვლელად, რომლიდანაც ჩვენ იქ მოხვედრა გვსურს. ამისათვის გაისად ხუთივე თამაში უნდა მოვიგოთ და ინგლისში ახალ ზელანდიასთან ერთად ჯგუფში არგენტინის, ტონგას და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდები გვეყოლებიან.

ამ წლის უდიდესი მონაგარი იყო კლუბებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მოპოვება. მთავარობა დავარწმუნეთ, რომ სპორტი არაა გერი შვილი, რომ მას ქვეყნის სახელი გააქვს მსოფლიოში და ამბიციური გეგმების და ასეთი წარმატებების ფონზე, აუცილებელია კლუბების დაფინანსება. იმ ბიუჯეტით, რაც მანამდე კლუბებს ჰქონდათ, ამ დონის შენარჩუნება გაგვიჭირდებოდა, ახლა კი, ერთადერთი კავშირი ვართ, რომელიც არა მარტო უმაღლესი ლიგის, არამედ პირველი ლიგის გუნდებსაც ვაფინანსებთ და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგა.

დიდი დაფასება მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოსგან, რომელმაც თბილისის ტურნირის დაარსებაზე თანხმობა განაცხადა. ჩვენ არ ვართ წყნარი ოკეანის ქვეყანა და ვერ მივიღებთ მონაწილეობას წყნარი ოკეანის თასზე, მის გარდა კი, IRB მხოლოდ ორ - თბილისის და ბუქარესტის ტურნირებს აფინანსებს.

წელს მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩები გავმართეთ და მინდა გულშემატკივრებს გავახსენო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ თამაში დავიწყეთ შვეიცარიის და ლუქსემბურგის დონის გუნდებთან. მერე შევეჩვიეთ რუმინეთთან მოგებას და მათთან ბალანსი ახლახანს გავათანაბრეთ, ახლა კი, სულ სხვა დონეზე გადავდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივეჩვიოთ სამოას, არგენტინის, ფიჯის, იაპონიის, კანადისა და აშშ-ს დარ გუნდებთან თამაშს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც თავის დროზე პირადი ქონების გაყიდვის ხარჯზე საქართველოს რაგბი შეუნარჩუნა და ახლა ჩვენ მათი გზა კიდევ უფრო წარმატებით უნდა გავარგძელოთ.

ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც უპრობლემოდ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და დაბრუნდა ასაკობრივ მსოფლიო თასის “ალაფაზე”. წელს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი და შვიდ კლუბს აქვს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი. ტარდება ესპუართა და ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგის ჩემპიონატები.

ახლა ჩვენ იმდენად მაღლა ავწიეთ თამასა, რომ 2014 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მოსაგები გვაქვს “ერთა თასის” ხუთი თამაში და ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა. სამი შეხვედრა თბილისში გვაქვს და უკვე ცნობილია, რომ ბელგიასთან “ავჭალაზე” ვითამაშებთ, რუსეთთან “დინამო არენაზე”, ხოლო რუმინეთთან “მიხეილ მესხზე”. ამასთანავე, გასვლითი თამაშები გვიწევს ესპანეთთან და პორტუგალიასთან.

გარდა ამისა, 18-წლამდელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის ევროპის ელიტური ჩემპიონატის სახით, სადაც ადგილი ჩვენი თამაშით დავიმკვიდრეთ. იქ პროგრამა მინიმუმი მე-6 ადგილის შენარჩუნება იქნება და წელს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ პატივისცემის ღირსნი ვართ. გარდა ამისა, ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრებისთვის შედეგის გარდა ამოცანა ეროვნული გუნდისთვის კადრების აღზრდა და ახალგაზრდებისთვის სწორი თამაშის სწავლებაა. 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ ჰონკონგში უმძიმესი თამაშები ელით, მიზნის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ იქ ჩვენი ამოცანა ყველა თამაშის მოგება და მსოფლიოს ახალგაზრდულ თასზე გასვლა იქნება.

მომავალი წლიდან ჩვენ აღარ გვეყოლება საქართველოს “ა” ნაკრები, რადგან რეალურად მეორე გუნდის შეკრება ვერც ვერასდროს ხერხდებოდა. სამაგიეროდ, ახლა ამ გუნდს დაერქმევა “მომავლის საქართველო”, სადაც მხოლოდ 25 წლის ჩათვლით პერსპექტიული მორაგბეები ითამაშებენ და მისი მიზანი ეროვნული გუნდისთვის კადრების მომზადება იქნება. 3 და 7 ივნისს ამ გუნდს ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან თბილისში ექნება თამაშები და ვფიქრობ, მაყურებელი ისიამოვნებს. 14 ივნისიდან დაიწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირი, სადაც იტალიისა და არგენტინის “ა” ნაკრებებთან ერთად, ესპანეთის, ან პორტუგალიის ნაკრები ითამაშებს.

ნოემბერში ტრადიციულად გაიმართება ტესტ-მატჩები. ორ თამაშს, კუნძულელებთან თბილისში გავმართავს, ერთს კი, დიდი ალბათობით ირლანდიაში “ავივას სტადიონზე” ირლანდიის ნაკრებთან და იქ ჩვენი მიწვევა დიდი პატივია. ჯამში, მომავალ წელს იმდენად მაგრები უნდა ვიყოთ, რომ სპორტის სამინისტროს გამოკითხვაში მხოლოდ ნომინაციებში აღარ მოვხვდეთ და კითხვებიც არ გაჩნდეს, ისე მოვიპოვოთ საუკეთესოების ტიტული”.

ამის შემდეგ დაიწყო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი. უწინარესად, დაჯილდოვდნენ გასული პირველობის შედეგად გამარჯვებული გუნდები და პრიზიორები. 2013 წლის 7-ქალას ჩემპიონი “ლანჩხუთი” გახდა, 7-კაცას ტურნირი ქუთაისის “აიამ” მოიგო, 2012/2013 წლების საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ასევე ქუთაისის “აია”, ვერცხლის პრიზიორი თბილისის “არმია”, ხოლო ჩემპიონი თბილისის “ლელო” გახდა. ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ცერემონიალზე იმყოფებოდნენ, პირადად ავიდნენ სცენაზე და კუთვნილი მედლები ჩაიბარეს, რის შემდეგაც გუნდური სურათიც გადაიღეს, მაგრამ “ლელოელებს” კიდევ რამდენჯერმე მოუწიათ სცენაზე ასვლა.

“ლელოდან” ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი ყიასაშვილი გახდა და მან “ზარაფხანასგან” “ოქროს ლომი” მიიღო. საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ლევან მაისაშვილი და მან დეველოპერული კომპანია “ტრიდესგან” მიიღო საჩუქარი. საუკეთესო მელელოვე ქუთაისის “აიას” მოთამაშე ბექა ყურაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი. დასახელდა ტრადიციული, ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებიც:

15. ბექა წიკლაური, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. რევაზ ნელქანია, 3. ნიკა პატარაია, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ჭყოიძე.

ამის შემდეგ დაჯილდოვდნენ მრგვალი თარიღის მქონე ვეტერანი მორაგბეები, რომელთაც ახალგაზრდები ფეხზე წამოუდგნენ, ტაში და სპეციალური მაისურები დაიმსახურეს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებმა და კულმინაციის დროც დადგა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ, კლუბების მწვრთნელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გახდა “ლელოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც “ართ თაიმმა” საჩუქრად “ტისოს” სპორტული საათი გადასცა.

და ბოლოს, 2013 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბედ, 2008, 2009 და 2011 წლების შემდეგ, მეოთხედ აღიარეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. რადგან მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მის მეუღლე ციცი ბოხუას და უმცროს შვილ ნიკოლოზს “ნატვრის ხე”, რომელზეც რაგბის ბურთებია ჩამოკიდებული, ნავთობკომპანია “თესის პეტროლიუმ ლიმიტედმა” გადასცა, რომელმაც იქვე სრკ-სთან სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და მომავალი წლიდან საქართველის 7-კაცა ნაკრებს უსპონსორებს.

“მსოფლიო სპორტი” მამუკა გორგოძეს “მონპელიეში” დაუკავშირდა: “ისეთ მორაგბეებს შორის, როგორიც საქართველოს ჰყავს, გახდე საუკეთესო მორაგბე დიდი წარმატება და გამართლებაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მე საუკეთესოდ დამასახელა და შევეცდები მათ იმედები არც მომავალში გავუცრუო, რა თქმა უნდა ჩემს “ბორჯღალოსან” თანაგუნდელებთან ერთად”.

 

0.121576