ფეხბურთი

9:50 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კატანია: “ნეიმარისგან მსოფლიო დონის უპირველესი ვარსკვლავი დადგება”

ბრაზილიელ ფორვარდ კატანიას რამდენიმე ქვეყნის 2 ათეულამდე გუნდში უთამაშია, ყველაზე დიდხანს კი ვიგოს “სელტაში” (2000-04) უასპარეზია და ესპანეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სამჯერ “ფურია როხას” ღირსებაც დაიცვა. აქედან გამომდინარე, კატანია დიდი ყურადღებით უცქერდა კონფედერაციათა თასის ფინალში ლუიშ ფელიპე სკოლარისა და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდების თამაშს, ჟურნალისტებთან საუბრისას კი გამოტყდა, რომ უფრო მეტად ბრაზილიელთა მოგება სურდა.

- კმაყოფილი ხართ კონფედერაციათა თასის ფინალის დონით?

- ფანტასტიკური მატჩი იყო. მე, როგორც ბრაზილიელთა აბსოლუტური უმრავლესობა, სანახაობრივი ორთაბრძოლის მოლოდინში ვიყავი და ჩემი სურვილი ახდა, თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი ამგვარი ფეერიული სანახაობის მომსწრე თუ შევიქნებოდი.

- რომელ ნაკრებს გულშემატკივრობდით? მართალია, ბრაზილიელი ხართ, მაგრამ კარგა ხნის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდით და არა მარტო პირენულ გუნდებში, “ფურია როხაშიც” გითამაშიათ...

- გულწრფელად გეტყვით, შეხვედრის მსვლელობისას ცრემლები არაერთხელ მომადგა. მიხაროდა ბრაზილიელთა წარმატება და ესპანელთა მარცხი გულს მტკენდა. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ჩემი სიმპათია უფრო მაინც ბრაზილიის მხარეს იხრებოდა. ამიტომაც, პენტაკამპეონებს ვქომაგობდი. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელები კი შემეცოდა, მაგრამ ეს გრძნობა ბრაზილიის მოგებით გამოწვეულმა ბედნიერების გრძნობამ გადაფარა.

- ლუის ფელიპე სკოლარის გუნდის თამაშში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

- პენტაკამპეონები დაცვასა და თავდასხმაში დაბა;ლანსებულად თამაშობენ. გუნდი ერთიანი საფეხბურთო ორგანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა ესპანელთა ძლევის საქმეში. სხვაგვარად წარმოუდგენელია საკუთარი თამაში მოახვიო თავს “ფურია როხას” – პირენელები ხომ ინდივიდუალურ თვისებებთან ერთად, კოლექტივიზმის გრძნობითაც გამოირჩევიან.

- წლევანდელ კონფედერაციათა თასზე რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?

- ბრაზილიელთაგან ნეიმარს, ოსკარს, დავიდ ლუიშს, ჟულიუ სეზარს... ისე, მთელმა ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. აბა, სხვაგვარად წარმოუდგენელია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის 3:0 დამარცხება!

- მთელი ბრაზილია აღტკინებულია ნეიმარის გამოსვლით...

- ნეიმარი სუპერტალანტია. თუკი ის საკუთარ საფეხბურთო შესაძლებლობებს სწორად და სრულად გამოავლენს, ნეიმარისგან მსოფლიო დონის უპირველესი ვარსკვლავი ჩამოყალიბდება. მიხარია, იგი საფეხბურთო კარიერას ესპანეთში რომ გააგრძელებს. “ბარსელონაში” ნეიმარის შესაძლებლობები კიდევ უფრო სრულად წარმოჩინდება. დარწმუნებული ვარ, კატალონიაში ნეიმარს ადაპტაციის პრობლემა არ შეექმნება.

- ფინალში ესპანეთის ნაკრების დიდი ანგარიშით მარცხს რით ახსნით?

- ვერ ვიტყოდი, რომ “ფურია როხამ” გადამწყვეტი მატჩი უსუსურად ჩაატარა. პირენელებს არცთუ იშვითად გამოსდიოდათ საფირმო შეტევები, მაგრამ დამაგვირგვინებელ დარტყმამდე საქმე იშვიათად მიჰყავდათ. რამდენიმე ეპიზოდში ესპანელებს არ გაუმართლათ. სერხიო რამოსმა პენალტი გააცუდა, პედროს დარტყმის შემდეგ კი დავიდ ლუიშმა წარმოუდგენელი ბურთი გამოიტანა კარის ხაზიდან, რამდენჯერმე ჟულიუ სეზარმაც იყოჩაღა. მთლიანობაში ვერ ვიტყოდი, რომ ესპანეთმა სუსტად ითამაშა, უბრალოდ, ბრაზილია იყო შეუდარებელი.

- ესპანეთის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან რომელიმესთან კონტაქტი გაქვთ?

- ბოლო პერიოდში არა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში სახლი მაქვს, იქ ჩასვლას იშვიათად ვახერხებ. ვიცნობ ჩავის, ანდრეს ინიესტას, ხესუს ნავასს, მაგრამ მათთან კონტაქტი პრაქტიკულად აღარ მაქვს. ამჟამად ჩვენ-ჩვენი საზრუნავი გვაქვს და განსხვავებული საქმეებით ვარ დაკავებულნი.

- თუ საიდუმლო არაა, რას საქმიანობთ?

- ბრაზილიური გრანდებისთვის ნიჭიერ ფეხბურთელებს ვარჩევ. შიგადაშიგ ესპანურ გუნდებსაც ვამარაგებ ნიჭიერი ბრაზილიელი მოთამაშეებით. ამასთან, სხვა ბიზნესითაც ვარ დაკავებული. მადლობა ღმერთს, ფინანსურად არ მიჭირს.

- სამწვრთნელო საქმისთვის ხელის მოკიდებას არ ფიქრობთ?

- არა, ეს ჩემი სფერო არაა. არასდროს ვიყავი დისციპლინირებული მოთამაშე და ვერც სხვას მოვთხოვ მწვრთნელისადმი პედანტურ მორჩილებას.

 

 

თეგებიკატანია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11682