ფეხბურთი

2:34 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას გოლი, ყაზაიშვილის საგოლე გარღვევა, ლეგიონერთა გუნდების საშიში ზონები

არნემის “ვიტესმა” შინ ვერ სძლია “გოუ ეჰედ იგლზს” – 2:2. არნემელები სულაც 0:2-ს აგებდნენ და პირველი საპასუხო გოლი გურამ კაშიამ გაიტანა 72-ე წუთზე. მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს, კაშიამ ორთაბრძოლისას თავი შეაგება და შორეულ კუთხეში გაიტანა. ეს გურამის მეორე გოლია მიმდინარე ერედივიზიონში: პირველი “ფეიენოორდს” გაუტანა.

კაშიას გოლი: http://www.dailymotion.com/video/x1roqoy_guram-kashia_sport

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი 58-ე წუთზე ჩაერთო მატჩში და საგოლე პასი მიითვალა: სწორედ მის ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა პროპერის გოლი, რომელიც მე-80 წუთზე გავიდა.

ჰოლანდიაში ერთი ტური დარჩა: “ვიტესი” მეხუთე ადგილზეა – ერთი ქულით ჩამორჩება პსვ-ს და ერთი ქულით უსწრებს “ჰერენვენს”.

რუსეთში ჯანო ანანიძის “როსტოვი” გია გრიგალავას “ანჟის” 1:1-ზე გაეყარა. ჯანო, რომელიც აქტიური იყო და კარგი მატჩი ჩაატარა, ბოლო წუტებძე შეცვალეს, ხოლო გრიგალავა 90 წუთი გაისარჯა. “როსტოვი” მერვე ადგილზეა, “ანჟი” კი აუტსაიდერია და ფაქტობრივად, გავარდნილია.

ყაზანის “რუბინმა” მოსკოვში 1:2 წააგო ცსკა-სთან და მეათე ადგილზე დარჩა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო.

დანიაში “ორჰუსმა” გასვლაზე 0:3 წააგო “ვიბორგთან” და ბოლო ადგილზეა. მართლაც საინტერესოა, როგორ მოახერხა “ორჰუსმა” ფსკერზე ჩასვლა... გუნდი ჩემპიონატის შუაში შემდეგ ზედა ხუთეულში იყო და ევროთასებზე გასასვლელად იბრძოდა. “ვიბორგთან” ქართველებიმინდორზე არ გამოჩენილან – მხოლოდ, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო. დავით დევდარიანი და მათე ვაწაძე განაცხადს მიღმა დარჩნენ.  

თურქეთში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” შინ 2:0 სძლია “ანთალიასფორს” და მეექვსე საფეხურზეა. ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორმა”კი შინ 1:3 წააგო ‘ქარაბუქსფორთან”, ბოლო ადგილზე დარჩა და ფაქტობრივად, გავარდნილია. ხიზანიშვილს მენისკი აწუხებს და ამიტომაც ვერ თამაშობს ბოლო ტურებში.

უკრაინაში “ილიჩივეცმა” შინ 0:0 ითამაშა “სევასტოპოლთან”. დავით თარგამაძემ შეუცვლელად ითამაშა (ყვითელიც მიიღო), ხოლო”სევასტოპოლში” ქართველები არ გამოჩენილან: მათე ღვინიანიძეს ტრავმა აქვს, ხოლო დავით დარციმელია სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.  “ილიჩივეცი” და “სევასტოპოლი”, შესაბამისად, მეცხრე და მეათე ადგილზე არიან.

მეექვსეზე მყოფმა “ზორიამ” შინ 1:0 აჯობა “ჰოვერლას”, თუმცა ჯაბა ლიპარტიას არ უთამაშია – სათადარიგო გახლდათ. “კარპატიმ” შინ 2:2 დაასრულა მატჩი ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” და მეტერთმეტეზეა. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

და “დნიპროს” მარცხზეც: ხუანდე რამოსის გუნდმა ხარკოვში 1:2 წააგო “მეტალისტთან” და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “შახტარს”, არადა, 3 კვირის წინ “დნიპრო” ლიდერობდა და საჩემპიონო რბოლაში ფავორიტი იყო. ჯაბა კანკავამ პირველი ტაიმი ითამაშა და შეცვალეს, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე არც ამჯერად ყოფილან განაცხადში.

0.121839