ფეხბურთი

12:52 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ კვლავ ვერ მოიგო, არველაძე სახლში დამარცხდა

არნემის “ვიტესმა”, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია იცავენ, ჰოლანდიის ერედივიზიონში კვლავ ვერ მოიგო.

23-ე ტურში არნემელებმა “დენ ჰააგს” უმასპინძლეს და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. კაშიამ “ვიტესს” შეუცვლელად უკაპიტნა, ხოლო ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. ჭანტურია ზედიზედ მესამე მატჩია სათადარიგოებშიც არ იყო. “ვიტესს” 43 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-3 ადგილზეა. არნემელები 4 ქულით ჩამორჩებიან ამსტერდამის “აიაქსს”, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. “ტვენტე” 43 ქულით მეორეა და არნემელებზე ორი მატჩით ნაკლები ითამაშა.

წარუმატებელი პერიოდი უდგას შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ “ქასიმფაშას”, რომელიც ამჯერად შინ “ქონიასფორთან” 1:3 დამარცხდა. “ქასიმფაშამ” გოლი პირველ წუთზე გაუშვა და 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 51-ე და 79-ე წუთებზე თეოფანის გეკასმა მასპინძლები ორჯერ დაამწუხრა. “ქასიმფაშას” 30 ქულა დარჩა და 18 გუნდში მეხუთეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-20 ტურში “ლუზენაკმა”, რომელშიც ამირან სანაია თამაშობს, გასვლაზე “დანკერკთან” 1:1 ითამაშა. ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა. “ლუზენაკს” 39 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-2 პოზიციაზეა. ის ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ორლეანს”.

0.135279