არნემის “ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბის გულშემატკივრებისთვის “ნაიმეგენთან” დერბი.
“გულშემატკივრებს ხშირად ვხვდები და ისინი არასოდეს იწყებენ საუბარს “აიაქსზე”, პსვ-ზე ან “ფეინოორდზე”. მთავარი ყოველთვის “ნაიმეგენთან” თამაშის თემაა. კარგად მესმის, რასაც ვგრძნობ. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული, როდესაც გიორგი ჭანტურიას გოლით ნაიმეგენში მოვიგეთ (2011-12 წლების სეზონი, რედ.). მაშინ, ამ გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად გვიანობამდე აღვნიშნავდით” – იუწყება კაშიას სიტყვებს ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემა soccernews.nl-ი.
“ჩემს ყოფილ კლუბს თბილისის “დინამოსაც” საუცხოო მეტოქე ჰყავდა ქუთაისის “ტორპედოს” სახით. ამ ორი გუნდის შეხვედრა ყოველთვის კარგი სანახავი იყო, ისევე როგორც “ვიტესისა” და “ნაიმეგენის” დაპისირპირება” – გაიხსენა “დინამო”-“ტორპედოს” მატჩები კაშიამ.
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურში, “ვიტესი” “ნაიმეგენს” სტუმრად, კვირას, 29 სექტემბერს შეხვდება.
სხვათა შორის, კაშიამ რამდენიმე დღის წინათ ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა “ნაიმეგენთან” არ ეთამაშა. მისი განმარტებით, მეუღლეს, რომელიც ფეხმძიმედაა და პირველ ბავშვს მიმდინარე კვირის ბოლოს ელოდება, მშობიარობა თბილისში სურს.