ფეხბურთი

18:01 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია “უტრეხტთან” სპეციალური სამკლავურით ითამაშებს

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-13 ტურში, “უტრეხტთან” საშინაო მატჩში არნემის “ვიტესის” ცენტრალური მცველი გურამ კაშია კაპიტნის სპეციალური სამკლავურით წარდგება.

კერძოდ, კაშიას სამკლავურზე ტეო ბოსის სილუეტი და 4-იანი იქნება გამოსახული.  ბოსი არნემელთა ლეგენდად ითვლება. მან მთელი საფეხბურთო კარიერა “ვიტესში” 4-ნომრიანი გაატარა და 14 წლის განმავლობაში 369 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. შემდეგ, ის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ბოსი ამა წლის 28 თებერვალს 47 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

“ამაყი ვარ, რომ შაბათს ეს სამკლავური მეკეთება. ტეო ბოსი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. როდესაც არნემულ კლუბში მივედი, ჩემი დებიუტი მის ხელში შედგა. ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რომ ვითამაშებ სამკლავურით, რომელზეც ისაა გამოსახული” – იუწყება კაშიას სიტყვებს “ვიტესის” ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ თამაშამდე მოთელვაზე “ვიტესისა” და “უტრეხტის” ფეხბურთელებს მაისურებზე ჰოლანდიის “კიბოსთან” ბრძოლის საზოგადოების ლოგოტიპები და 4-იანი იქნება გამოსახული.

0.117014