ფეხბურთი

14:09 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "კარგია, რომ ჭანტურია ჩვენთან ერთადაა"

"შესაძლო ტრანსფერზე ჯერ ვერაფერს გეტყვით"


არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ, რუმინულ "პეტროლულთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ზოგადად, თავისი გუნდის ამბებსაც შეეხო. ცნობისთვის, "ვიტესი" ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდება "პეტროლულს", რომელსაც რუმინეთის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კოზმინ კონტრა წვრთნის. ეს, ის კონტრაა, 2000 წელს საქართველოს თბილისში რომ გაუტანა გოლი.

"მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძოდით ევროთასებზე გასასვლელად. მარცხი არ უნდა დავუშვათ, რადგან ყველას გვსურს, რომ "ვიტესმა" ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს. საამისოდ, ორი მეტოქის ჩამოშორებაა საჭირო და პირველი "პეტროლულია". ამ გუნდს არ ვიცნობ, თუმცა ვნახულობთ თამაშებს და შევისწავლით. ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუყურებთ", - თქვა კაშიამ.

"პეტროლულს" გუნდში ჰყავს მრისხანე სახელის მქონე ბრაზილიელი ფეხბურთელი - რომარიო. ის 24 წლის ნახევარმცველია. კაშიამ რომარიოზე იხუმრა:

"ეს ის რომარიოა, ადრე რომ გვახსოვს? კარგია, რომ ის არაა".

გურამი ორი დღის წინ "ლევერკუზენთან" 0:4 წაგებულ ამხანაგურ მატჩს შეეხო:

"ეს, იმ თამაშების რიცხვს განეკუთვნება, რომლისგანაც დასკვნა უნდა გამოიტანო. "ლევერკუზენი" გერმანიაში ლიდერთა ჯგუფშია, ჩემპიონთა ლიგაში გასულია და რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი კლუბია. ასეთი წაგების მიუხედავად, კარგი მომენტები დავინახე. ბევრი ხიფათი შევქმენით მეტოქის კართან. უბრალოდ, "ვიტესი" ისეთი ძლიერი ვერაა, როგორც გასულ სეზონში იყო. ბონის, ვან გინკელისა და კალაშის წასვლამ იმოქმედა, ამიტომაც, გაძლიერება გვჭირდება. სასიამოვნოა, რომ გიორგი ჭანტურია დაგვიბრუნდა. ის ტალანტი და ჩემი კარგი მეგობარია. გიოსთან ნებისმიერ დროს შეგიძლია კარგ ხასიათზე იყო და იცინო".

რაც შეეხება კაშიას შესაძლო ტრანსფერს:

"ჯერ "ვიტესში" ვარ და ოფიციალური მატჩებისთვის ვემზადები. სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრამდე ღიაა. ახლა, შესაძლო ტრანსფერზე ვერაფერს გეტყვით".

 

0.106517