ფეხბურთი

14:36 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "ფრთხილად, ლუქსემბურგის მაგალითი ცხვირწინაა!"

არნემის "ვიტესი", რუმინეთში პლოეშტის "პეტროლულთან" სათამაშოდ 19 ფეხბურთელით ჩავიდა. სამივე ქართველი გუნდშია: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. მართალია, ჭანტურიას 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატზე ვრცელდება, "პეტროლულთან" კი, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩია.

კაშიამ "პეტროლულის" ფორვარდ ჰამზა იუნესს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, "ვიტესს" უსუსტესი დაცვა ჰყავსო.

"მან ჩვენ გამოგვიწვია. მინდორზე ვნახავთ, რა როგორ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კარგ შედეგს მინაღწიოთ. "პეტროლული" ძლიერი გუნდია და დიდი მოტივაცია აქვს. ისინი გამოუცდელები არიან, თუმცა დიდი ევროპული გამოცდილება არც ჩვენ გვაქვს", _ თქვა კაშიამ.

"ვიტესის" კაპიტანი ყურადღებას ამახვილებს II საკვალიფიკაციო ეტაპზე მომხდარ სენსაციაზე, როცა ჰოლანდიური "უტრეხტი" ლუქსემბურგის "დიფერდანჟმა" გამოთიშა.

"ხომ ნახეთ, რა მოხდა?! ასეთი რამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროტურნირებზე. მთელი სეზონი ვიშრომეთ აქ რომ მოვხვედრილიყავით. ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს".

 

0.125701