ფეხბურთი

15:46 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ვოცნებობთ"

გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ არნემის "ვიტესი" მიმდინარე სეზონში კარგ თამაშს აჩვენებს და მიუხედავად ვილფრიდ ბონის და მარკო ვან გინკელის წასვლისა, გუნდს შეტევაში შედეგიანად თამაში არ უჭირს.

"ჩვენ ტოპ-გუნდი არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია გავხდეთ. თუ მომავალ ზაფხულს ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვეყოლება და ჩემპიონატსაც მაღალ ადგილზე დავასრულებთ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ. ეს ჩვენი ოცნებაა".

კაშიამ აღნიშნა, რომ პსვ-ს დააკლდნენ სტრუტმანი და ვან ბომელი, ხოლო "აიაქსს" ალდერვარელდი და ერიქსენი, თუმცა სხვა კლუბები მხოლოდ მოძლიერდნენ. გურამმა შეაქო ბრაზილიელი ლუკას პიაზონი და მიკე ჰავენაარი, რომლებიც შეტევაში თამაშობენ.

გასულ ტურში "ვიტესმა" სასწაული მატჩი მოიგო, როცა 0:2-ს აგებდა "ჰერენვენთან". არნემელებმა 3 გოლი გაიტანეს, მათ შორის, ბოლო გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე.

"ჩვენი მწვრთნელი პეტერ ბოში შესვენებაზე ძალიან გაბრაზებული იყო. ასეთი გამწარებული არასდროს მინახავს, თუმცა მართალი გახლდათ. ბოშის ხმამაღალმა და მკაცრმა საუბარმა გაჭრა".

ცნობისთვის, "ვიტესს" დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე "გრონინგენთან" საშინაო მატჩი ელის.

0.132609