ჩოგბურთელთა შორის უჩოგბურთელესს და მამაკაცთა შორის უმამაკაცესს – ესპანელ რაფაელ ნადალის, თითქმის ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ყველა საქმეში ნიჭიერ და მრავლისშემძლე ადამიანად ჩავთვალოთ. რაფა ყველაფერთან ერთად, პოკერსაც კი მაგრად თამაშობს და ეს ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც რაფაელ ნადალმა მოყვარულთა შორის პოკერის ტურნირი მოიგო და გვარიანი საპრიზო თანხა – 50 ათასი ევრო ჩაიჯიბა. თუმცა, “ჩაიჯიბა“ აშკარად არასწორი გამონათქვამი იქნება, რადგან ამ გულიანმა კაცმა მთელი ეს მოგებული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
ახლა უკვე რაფაელს იმდენი სლოტ-კლუბი თუ კაზინო იწვევს ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, რომ ესპანელი მეჩოგნე იძულებული გახდა, საჯაროდ განეცხადებინა: პოკერი კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა ჩოგბურთია და ყომარბაზის სახელი სულაც არ მხიბლავსო. იცის ბიჭმა საგანი!...