არგენტინელ ფორვარდს კარლოს ტევესს ტურინის “იუვენტუსში” კარგი დებიუტი გამოუვიდა. პატაგონიელმა თავდამსხმელმა “ბებერ ქალბატონს” დიდი სამსახური გაუწია იტალიის სუპერთასის მოპოვების საქმეში, სერია A-ს პირველ ტურში კი “ბიანკონერიმ” გასვლაზე გენუის “სამპდორია” სწორედ ტევესის გოლით დაამარცხა.
- იტალიაში დიდი ხნის გადმოსული არ ხართ, თუმცა, გარკვეული დასკვნის გაკეთება უკვე შეგიძლიათ. მაინც რით განსხვავდება კალჩო ინგლისური ფეხბურთისგან?
- იტალიაში თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ალბიონზე. აქ მატჩის განმავლობაში მუდმივად რაღაც უნდა შეცვალო, თორემ მოწინააღმდეგე მალე აგიღებს ალღოს და არაფერი გამოგივა. პირველი გაკვეთილი რომელიც იტალიაში ავითვისე ისაა, რომ როდესაც ერთ მოწინააღმდეგეს მოატყებ, უმჯობესია პარტნიორის მისამართით ბურთის გაგზავნაზე იფიქრო, რადგან უმალ მეორე ოპონენტი აღმოჩნდება წინ. თუკი ისიც გაიარე, მესამე მცველი წინ აღგიდგება და ბურთის დათმობა ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს. იტალიაში ფორვარდი მინდორზე მუდმივად უნდა გადაადგილდეს. ძალიან მეხმარება ანტონიო კონტე, რომელიც მანევრირებას მასწავლის. “იუვენტუსში” ჩარიცხვის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა 10 რჩევა მომცა, რომლებიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.
- ტურინელთა შემადგენლობაში სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ, მაგრამ კონტე უკვე კმაყოფილებას არ მალავს თქვენი ასპარეზობით. დამრიგებელმა შეგაქოთ, ტევესი ბევრს ვარჯიშობს, მატჩის დროს ბოლომდე იხარჯება და კარგი ადამიანიცააო...
- ტურინში ჩამოსვლის შემდეგ ლამის პირველსავე ინტერვიუში განვაცხადე, რომ კონტე ისეთივე სკურპულოზურ ყურადღებას აქცევს დეტალებს, როგორც თავის დროზე ამას “მანჩესტერ იუნაიტედში” სერ ალექს ფერგიუსონი აკეთებდა. კარგად მოვერგე “იუვენტუსის” სათამაშო სქემასაც. ამჟამინდელ გუნდში თამაშისას ყურადღების ეპიცენტრში ვარ, ეს კი ჩემი სტიქიაა.
- დაახლოებით რამდენი გოლის გატანას აპირებთ მიმდინარე სეზონში?
- იმედია, უფრო შედეგიანად ვითამაშებ, ვიდრე “მანჩესტერ სიტიში”. “იუვენტუსს” წლეულს დიდი მიზნები აქვს დასახული. უმთავრესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სადღეისოდ გუნდი ბოლომდე ვერ აჩვენებს თავის შესაძლებლობებს, თუმცა, სეზონის დასაწყისში ეს ბუნებრივიცაა. თანდათან კიდევ უფრო მოვუმატებთ.
- ფეხბურთისგან კვლავინდებურად სიამოვნებას იღებთ?
- ამჟამად ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დამიდგა, ბევრი რამის გადაფასებას ვახდენ და სიამოვნებას მხოლოდ ფეხბურთი არ მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რასაც სულიერი სიმშვიდე მოაქვს. ეს ფეხბურთის თამაშზეც სასიკეთო ზეგავლენას ახდენს.
- არგენტინაში ფეხბურთის თამაშს მუსიკოსობასაც უთავსებდით. ევროპაში გადმოსვლის შემდეგ ხომ არ დაივიწყეთ ჰობი?
- თავს მუსიკოსად არ ვთვლი. სიმღერაც არ მეხერხება, უბრალოდ ჯგუფ “პიოლა ვაჯოში” ვუკრავდი. კოლექტივი დაშლის პირას იყო მისული, როცა ბიჭებმა დახმარება მთხოვეს. ჯგუფის სახე გავხდი და მას არსებობა გავუხანგრძლივე. ინგლისურ გაზეთებში დაიწერა, კარლოს ტევესი სიმღერის ჩაწერას აპირებსო, რასაც სიმართლესთან იოტისოდენა კავშირიც კი არ ჰქონდა.