გელზენკირხენის „შალკესთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური პაექრობის წინ მადრიდის „რეალის“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს შეხვდა და საევროთასო შეხვედრის გარდა, მომავალ კვირას „ბარსელონასთან“ ჩასატარებელ „ელ კლასიკოსა“ და კასტილიელთა საამსეზონო ამოცანებზეც ისაუბრა.
- პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, „შალკესთან“ საპასუხო მატჩში შემადგენლობის ცვლილებას აპირებთ?
- სასტარტო თერთმეტეულს ოდნავ შევცვლი, რადგანაც წინა მატჩში ბიჭებმა დიდძალი ენერგია დახარჯეს. „რეალმა“ ხომ გასვლაზე ითამაშა და დასვენებისთვისაც დრო თითქმის არ გვქონდა. ამიტომაც გარკვეული სახის როტაციას მოვახდენ. შემიძლია გითხრათ, რომ ხესე პირველივე წუთიდან ითამაშებს. შეტევის ხაზში მასთან ერთად მორატა დ კრიშტიანუ რონალდუ იქნებიან.
- ქარიმ ბენზემას თამაში გამორიცხულია?
- „შალკესთან“ ბენზემა არ იასპარეზებს, მომდევნო პაექრობებში კი აუცილებლად ითამაშებს. ქარიმი „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში გიმუშავიათ, რომლებიც მაღალი მიზნების გადაჭრას ცდილობდნენ და ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ. შეგიძლიათ დაგვისახელოთ თქვენ მიერ გაწვრთნილი გუნდი, რომელის ყველაზე ძლიერი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული?
- შედარება გამიჭირდება. სადაც კი მიმუშავია, ყველგან საფეხბურთო ტალანტის მქონე ფეხბურთელებთან მიწევდა ურთიერთობა, მაგრამ მადრიდის „რეალი“ მაინც უნდა გამოვყო. ამჯერად ჩემ განკარგულებაში ის მოთამაშეები არიან, რომლებიც გამოცდილებითაც გამოირჩევიან, მტკიცე ხასიათითაც, სამოთამაშეო შესაძლებლობები კი უაღრესად მაღალი გააჩნიათ.
- მომავალ კვირას „ბარსელონასთან“ „ელ კლასიკოს“ ჩატარება მოგიწევთ...
- „ბარსას“ ყოველთვის ურთულეს ოპონენტად ვთვლიდი. შესაძლოა, ბოლო ხანს კატალონელებს გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში კამპ ნოუელებმა დაამტკიცეს, რომ სირთულეები უკან მოიტოვეს. ვფიქრობ, კვირას თანაბარძალოვანი გუნდების დაპირისპირება იქნება. „შალკესთან“ პაექრობასაც გარკვეულწილად „ელ კლასიკოსთვის“ მზადების ეტაპად მივიჩნევ.
- „რეალი“ მიმდინარე სეზონის სამი ტურნირის მოგებას გეგმავს?
- ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის, პრიმერა დივიზიონისა და ესპანეთის თასის მოგებაა, მაგრამ წინასწარ ამის დაგეგმვა შეუძლებელია. ლა ლიგაში მეტოქეებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს, ჩემპიონთა ლიგასა და „სამეფო თასზე“ კი პროგნოზის გაკეთება უფრო რთულია. ახლა მთავარია სწორი მიმართულებით ვიმუშაოთ. ყოველთვის პატივი უნდა სცე სამუშაოს, ტურნირს, რომელშიც მონაწილეობ და მოწინააღმდეგეს.
- სამომავლოდაც მადრიდის „რეალში“ აპირებთ მუშაობას?
- „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მუშაობა მომწონს, დანარჩენს კი „რეალის“ საამსეზონო გამოსვლა გაარკვევს. მწვრთნელის ბედი შედეგზეა დამოკიდებული - ეს თანამედროვე ფეხბურთისთვისაა დამახასიათებელი და ვფიქრობ, სამართლიანი მიდგომაა.







