“პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ვალენსიის “მესტალიაზე” მნიშვნელოვანი თამაში მოიგო (2:1), რითაც 1971 წელს დაარსებულ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი პირველად მიეცა. ამის მიუხედავად, პარიზელთა გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი თავის შეგირდებს დღეს ფრთხილი და მაქსიმალური ყურადღებით თამაშისკენ მოუწოდებს.
- გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმრავლესობის მტკიცებით “ვალენსიასთან” ორრაუნდიანი დაპირისპირებისას გადამწყვეტ უპირატესობას “მესტალიაზე” ჩატარებულ პირველ მატჩში მიაღწიეთ...
- ესპანეთში გამართული შეხვედრით კმაყოფილი ვარ. კარგადაც ვითამაშეთ და შედეგსაც ფრიად სასურველს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, მატჩის ბოლო წუთები ისე არ წარიმართა, როგორც გვსურდა. თუმცა, ეს ჩვენი მოწინააღმდეგის, “ვალენსიის” ძლიერებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე დიდწილად ლოგიკურიცაა. “ღამურები” ხომ საკუთარი მაყურებლის წინაშე გამოდიოდნენ და “მშრალი ანგარიშით” მარცხი ფეხბურთელების თავმოყვარეობაზე იმოქმედებდა. ასე რომ, ჩემ მოთამაშეებს თვითდამშვიდებაში ბრალს ნამდვილად ვერ დავწამებ. პირიქით, გოლის გაშვებამდე ანგარიშის სამამდე გაზრდის საშუალებაც კი გვქონდა. მთლიანობაში “პარი სენ ჟერმენმა” საქმისადმი სწორი მიდგომა და კარგი ფეხბურთი აჩვენა. ჩემმა გუნდმა მოგება სავსებით დაიმსახურა. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რაუნდი მოვიგეთ, ახლა კი საპასუხო შეხვედრა გველის საკუთარ მინდორზე. უპირატესობას კი ვფლობთ, მაგრამ ყურადღებით თამაშია აუცილებელი.
- რომელი ფეხბურთელი შეცვლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს?
- შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩი კევინ გამეირომ შეცვალოს. მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი წინასამატჩო ვარიანტია. ნურც იმას გამორიცხავთ, რომ სათამაშო სქემა შევცვალოთ, თუმცა, მდიდარი არჩევანი მაინც არ გვაქვს – თავდამსხმელთაგან სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში მხოლოდ გამეირო და ესეკიელ ლავესია.
- აპირებთ თუ არა სასტარტოში დევიდ ბექჰემის დაყენებას?
- ჩვენი გუნდის რიგებში ბექჰემმა უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე შემთხვევაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პსჟ-სთვის მისი ნებისმიერი წევრი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ცხადია, გამონაკლისს არც დევიდი შეადგენს. შესაძლოა, ბექჰემმა დისკვალიფიცირებული მარკო ვერატის ნაცვლად ითამაშოს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
- ვერატი და იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ, სამაგიეროდ ტრავმა მოიშუშა ტიაგო სილვამ...
- ტიაგო სილვა ბრწყინვალე ფეხბურთელია. ცხადია, ამგვარი დონის მოთამაშის მწყობრში ჩადგომა სასიხარულოა. მისგა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშისგან, გუნდური თამაშის ერთგულებას ველი. “მესტალიაზე” ეს შევძელით და იმედია, იგივეს “პარკ დე პრენსზეც” მოვახერხებთ. როდესაც პსჟ გუნდურ თამაშს აჩვენებს, პრაქტიკულად უძლეველია.
- გუნდური თამაშის ჩვენება ყველა გუნდის ამოცანაა. უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით განმეორებით მერვედფინალურ პაექრობაში პსჟ-ს სათამაშო ამოცანის თაობაზე?
- პირველი შეხვედრის შედეგი უნდა დავივიწყოთ და მატჩისთვის განკუთვნილი მთლიანი საასპარეზო დრო მაღალი ტემპით ვითამაშოთ. ჩვენი ამოცანა დაცვაში და თავდასხმაში ერთნაირად წარმატებით თამაშია.
- “ვალენსიასგან” რას ელით?
- ვფიქრობ, ვალენსიელები თავიანთ სტანდარტულ თამაშს შემოგვთავაზებენ, თუმცა, ერთიცაა – შექმნილი მდგომარეობა მათ მეტი აქტიურობისკენ უბიძგებს. გავიმეორებ, პირველი შეხვედრის შედეგი უნდა დავივიწყოთ და მაქსიმალური კონცენტრაციით განმსჭვალულები გავიდეთ სათამაშოთ. კონცენრტაცია მატჩის მსვლელობის დროსაც ერთი წამითაც არ უნდა მოვადუნოთ. კლუბს, მის გულშემატკივრებს და ფეხბურთელთა ნაწილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი პირველად ეძლევათ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ყველანი მოწადინებულნი ვართ ამ რთული და საპატიო ამოცანის შესასრულებლად.
- ბოლო ხანს მსაჯებს არაობიექტურობაში სდებთ ბრალს...
- ჩემი განცხადებები საფუძველს მოკლებული სულაც არაა. გახსოვთ ეპიზოდი, როდესაც ზლატანს წითელი ბარათი უჩვენეს? იბრაჰიმოვიჩი გაძევებას არ იმსახურებდა. საფრანგეთის ჩემპიონატს რაც შეეხება, მისი მთავარი პრობლემა მსაჯობის სტანდარტია. ერთსა და იმავე სიტუაციას არბიტრები სხვადასხვაგვარად აფასებენ და ხშირად მათი გადაწყვეტილებების მსხვერპლი პსჟ-ა.