მადრიდის “რეალის” იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ მის გუნდს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელ “ატლეტიკოს” 4:1 სძლია და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეათედ მოიგო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ტურნირი ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში არცერთ გუნდს მოუგია და როგორც ჩანს, მადრიდელები ამ “ტრადიციის” დარღვევას აპირებენ.
“ჯერ-ჯერობით, ლიგა ზედიზედ არავის მოუგია. ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და შეგვიძლია, ამ ტურნირის ისტორია მთლიანად შევცვალოთ.
გასულ სეზონში ევროპის უძლიერესი გუნდი ვიყავით და ზაფხულში კიდევ უფრო გავძლიერდით. მართალია, ახალი ფეხბურთელები სხვა გრანდებმაც დაიმატეს, მაგრამ, მთავარია, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ და მიზანს მივაღწევთ.” – განაცხადა ანჩელოტიმ მადრიდელთა ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალი” ტრადიციულად ძალიან აქტიურობს. მადრიდულმა გრანდმა მსოფლიო ჩემპიონატის სამი გამორჩეული ფეხბურთელი შეიძინა. გუნდი გერმანელი ტონი კროოსით, კოლუმბიელი ხამეს როდრიგესით და კოსტა-რიკელი კეილორ ნავასით გაძლიერდა. წასვლით კი, “რეალი” ალვარო მორატამ (“იუვენტუსი”, გამოსყიდვის უფლება), კაზემირომ (“პორტუ”, იჯარა) და ხესუს ფერნანდესმა (“ლევანტე”) დატოვეს. ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია დიეგო ლოპესის “მილანში” გადასვლა.
ლევან გოგოტიშვილი