ფეხბურთი

13:10 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლ ჰაინც რუმენიგე: “გვარდიოლას ყოველი ნაბიჯი ზედმიწევნით ზუსტად აქვს გათვლილი”

 დღეს ბუნდესლიგის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი მიუნხენის “ბაიერნი” ული ჰიონესის სახელობის თასზე პეპ გვარდიოლას ყოფილ გუნდს “ბარსელონას” შეხვდება, შაბათს კი გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” მოუწევს შებმა. ამ საინტერესო და პრინციპული მატჩების წინ fcbayern.de ბავარიელთა კლუბის პრეზიდენტ კარლ ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა და მას ოთხკვირიანი მოსამზადებელი პერიოდის შეჯამებასთან ერთად, მომავალი ბატალიების შეფასებაც სთხოვა.

 - პეპ გვარდიოლა სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს მიმართავს. მაგალითად, მან რამდენჯერმე ფილიპ ლამი ნახევარდაცვაში დააყენა. რა აზრის ხართ კატალონელი სპეციალისტის სიახლეებზე?

- ეს ძალიან კარგ მომენტად მიმაჩნია, რადგან მოწინააღმდეგეებმა “ბაიერნის” სათამაშო სტილი შეისწავლეს და ისინი სიურპრიზებით უნდა გავაკვირვოთ. გვარდიოლა თვლის, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე უნდა შეეძლოს მეტ-ნაკლები წარმატებით თამაში. ჩემი აზრით, ეს საინტერესო იდეაა და არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუკი პეპი ამას ჩვენთან დანერგავს. მოთამაშეები გულმოდგინედ და ენთუზიაზმით მუშაობენ. მათ სიამოვნებას გვრის გვარდიოლას იდეებისადმი ხორცის შესხმა.

- ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით, რა სიხლეების დანერგვას ცდილობს “ბაიერნის” ახალი მთავარი მწვრთნელი?

- ჯერჯერობით კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია. “ბაიერნი” ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც მისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა. პირადად მე ნაცნობ ვითარებაში 1975, 1976, 2001 წლებში ვიყავი. დიდი გამარჯვებების შემდეგ გუნდი გარკვეულწილად მოდუნდება, რაც ამჯერად არაფრისდიდებით არ უნდა დავუშვათ. 2001-02 წლების სეზონში “ბაიერნმა” ვერაფერი მოიგო, მის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი კი ხარისხობრივად ვერ გაუტოლდა წინა წელს ნაჩვენები თამაშისა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ გუნდის წევრებმა თავიდან უნდა დაამტკიცონ, რისი ჩვენება ხელეწიფებათ მინდორზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

- კარგია კონკურენციის თემას რომ შეეხეთ. “ბაიერნში” ბევრმა მაღალი კლასის მოთამაშემ მოიყარა თავი. ეს მთლიანობაში გუნდს და კონკრეტულად მწვრთნელებს სირთულეებს ხომ არ შეუქმნის?

- ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე მხოლოდ იმას ვკითხულობ, რომ დღე-დღეზე “ბაიერნში” ფეხბურთელებს შორის უთანხმოება ჩამოვარდება. ყველას გასაგონად ვამბობ – როგორც გასულ სეზონში, სამომავლოდაც გუნდი სრულად კონცენტრირებული და დისციპლინირებული იქნება. ვერცერთი მოთამაშე მიღებული განაწესის დარღვევას ვერ გაბედავს.

- წვრთნის დროს პეპ გვარდიოლა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამდენად მოსაწონია თქვენთვის მუშაობის მისეული სტილი?

- საკუთარი კაბინეტიდან რეგულარულად ვადევნებ თვალს გუნდის ვარჯიშს და მსიამოვნებს გვარდიოლას ენთუზიაზმისთვის თვალის მიდევნება. ხანდახან ასაკი მავიწყდება, მინდორზე ჩასვლის და გუნდთან ერთად სურვილი მიჩნდება. პეპს ბევრი გენიალური იდეა აქვს და საკუთარ სამუშაოს სკურპულოზურად უდგება. გვარდიოლას ყოველი ნაბიჯი ზედმიწევნით ზუსტად აქვს გათვლილი.

- ული ჰიონესის თასზე “ბაიერნი” “ბარსელონას” შეხვდება. გვარდიოლა ავის ყოფილ გუნდს შეერკინება. როგორ თამაშს ელით უეფას საკლუბო რეიტინგის ლიდერთან?

- ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა. სხვაგვარად, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი პრაქტიკულად 2 დღეში ვერ გაიჩარხებოდა. ფეხბურთელისა და დამრიგებლის რანგში გვარდიოლამ “ბარსელონას” ბევრი წარმატება მოუპოვა. ყოფილ კლუბთან პეპს კარგი ურთიერთობა დარჩა.

- ჯანმრთელობის პრობლემის გამო ტიტო ვილანოვამ “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თქვენ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ კატალონელთა კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელთან. კლუბში მომხდარს მწვავედ განიცდიან?

- ტიტოს ამბავმა არა მარტო “ბარსელონა”, ჩვენც შოკში ჩაგვაგდო. აქ ხომ საუბარი ადამიანის ბედზეა და არა ფეხბურთზე. ყველანი ერთად ვილოცებთ, რათა ვილანოვა გამოჯანმრთელდეს.

- მომავალ შაბათს გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდებით. წლეულს ადრე ხომ არ გიწევთ პრინციპულ ბატალიებში ჩაბმა?

- ასეთი საასპარეზო განრიგი დაგვინიშნეს და მას ვერსად გავექცევით. გასულ წელს გერმანიის სუპერთასი მოვიგეთ და ამ ტიტულის შენარჩუნება გვსურს. ამის გაკეთება იოლი სულაც არ იქნება. “ბორუსიამ” ჩვენთან ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო, ამიტომაც მოჭარბებული მოტივაციით დაგვიპირისპირდება. სუპერთასზე დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა გველის. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114063