ძიუდო

0:24 | 14.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარბელაშვილმა ბრინჯაოს წერტილი დასვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ბუდაპეშტის მსოფლიოს თასი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდი უნგრულ ტატამზე 7-კაციანი შემადგენლობით გავიდა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 12 თებერვალს, მესამე საპრიზო ადგილი ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) დაიკავა. 13-ში კი -  კვარცხლბეკზე დავით კარბელაშვილი (81 კგ) ავიდა. სამეულში შესვლის რეალური შანსი მიეცა მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველსაც, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
კარბელაშვილმა მსოფლიოს თასი პოლონელ ლუკაშ ბლახის ორი იუკოთი ძლევით გახსნა. თურქ აჰმეთ სარის ვაზარით გასცდა, სლოვენიელი ალჯაზ სედეჟი და გერმანელი რობერტ გესი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს დაუპირისპირდა და ამ უკანასკნელმა იუკოს უპირატესობით იმარჯვა. რეპეშაჟის ფინალში გადართულმა დავით კარბელაშვილმა, ბრინჯაოს წერტილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან შესრულებული წმინდა გდებით დასვა.
მძიმე წონით კატეგორიაში შედარებით ნაკლებმა მონაწილემ მოიყარა თავი და ნოდარ მეტრეველს ნახევარფინალში გასასვლელად სამი გამარჯვება ეყო. უნგრელ ადამ იაჰაშსა და ფრანგ პიერ რობინს იპონებით მოუმთავრა საქმე, ალჟირელ მუჰამედ ბუეჩაუს იუკოთი აჯობა. ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან შეხვედრაში, გადამწყვეტი ერთი შიდო აღმოჩნდა, რომლის ხარჯზეც სამხრეთ ამერიკელმა მომგებიანი იუკო მიიღო. მომდევნო შეხვედრაში მოგება ქართველ მძიმეწონოსანს ბრინჯაოს მედალს და 40 სარეიტინგო ქულას უნაღდებდა, მაგრამ ეს მიღწევები ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟს დარჩა, მეტრეველმა კი მე-5 ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონის ტიტული კარბელაშვილისა და მეტრეველის მომგებმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 90 და 100 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს 90-ში ორი მონაწილე ჰყავდა, 100-ში კი არც ერთი.
ლაშა გურული და საბა გავაშელიშვილი შეჯიბრს მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ და შესაბამისად, ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგეს. გურულმა ესტონელი გრიგორი მინაშკინი მესამე წუთზე, იპონით დაამარცხა, უნგრელ ტამას მადარაშთან კი ერთით მეტი გაფრთხილების გამო წააგო. გავაშელიშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ იშტვან ლევენტე ნაგის სწრაფადვე მოუმთავრა საქმე, მაგრამ მერვედფინალში შავკანიან უკრაინელთან, ქუეჯაუ ნჰაბალისთან ასევე წმინდად დამარცხდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართული შვიდეული მე-10 ადგილზე გავიდა. საუკეთესო გუნდური შედეგი კი იაპონელებმა აჩვენეს, რომლებმაც მსოფლიოს თასზე ლიდერების გარეშე, მაგრამ ორი შემადგენლობით იჭიდავეს.

ოთარ მაღლაკელიძე

ძიუდო. მსოფლიოს თასი.
ბუდაპეშტი. 13 თებერვალი

81 კგ
1 სრჟან მრვალიევიჩი (ჩერნოგორია)
2 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
3 დავით კარბელაშვილი (საქართველო)
3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)

90 კგ
1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
2 კამილ მაგომედოვი (რუსეთი)
3 მასაში ნიშიამა (იაპონია)
3 მაქს შირნჰოფერი (ავსტრია)

100 კგ
1 ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი)
2 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 კაიან ტაკაგი (იაპონია)
3 ფრენკ მუსიმა ევანე (კამერუნი)

+100 კგ
1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
2 მატიაშ სერაჟი (სლოვენია)
3 ლუუკ ვერბიჟი (ჰოლანდია)
3 რენატ საიდოვი (რუსეთი)
5 ნოდარ მეტრეველი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა
               ო ვ ბ V VII

1 იაპონია    3 1 4 2 0
2 უნგრეთი  1 1 0 2 1
3 მონღოლეთი 1 1 0 0 0
4 ბრაზილია  1 0 1 3 1
5 ჩერნოგორია 1 0 0 0 0
6 რუსეთი  0 1 2 1 0
7 საფრანგეთი  0 1 1 0 1
8 სომხეთი  0 1 1 0 0
9 სლოვენია  0 1 0 0 0
10 საქართველო 0 0 2 1 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094332