23 ოქტომბერს კარატეს ნაკრების ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა და 4-5 ოქტომბერს ბულგარეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა.
პრესკონფერენციას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. 4-5 ოქტომბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, კარატეში კერძოდ კი კიოკუშინკაი ვერსიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.
მსოფლიოს პირველობაზე, რომელშიც მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ, ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი ანდრო ზინჩენკომ (-65 კგ.) მოუტანა, ვინც მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად განვლო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა.
კარატისტებმა მსოფლიოს პირველობის დასრულების შემდეგ მზადება განაგრძეს და ახლა, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად მიემგზავრებიან. კარატეს ნაკრების მწვრთნელებს იმედი აქვთ, რომ მათი შეგირდები ევროპირველობაზე კიდევ უფრო კარგ შედეგს აჩვენებენ, რადგან გუნდი ოპტიმალურ საბრძოლო ფორმაშია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური