ფეხბურთი

0:16 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა – ყოჩაღი თამაშში, ყოჩაღი... ექიმობაში

ალავერდაშვილმა და ჩარგეიშვილმა ლიტვაში გაილაღეს

უკრაინის ჩემპიონატში “დნიპრომ” შინ 2:0 სძლია კიევის “დინამოს” და მეორე ადგილზეა, თუმცა დონეცკის “შახტარს” 3 ქულით ჩამორჩება და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ – კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და დიდი სამუშაო გასწია. 

თუმცა, შეხვედრის ყველაზე დაძაბული მომენტი არა გოლებისას, არამედ კიეველი ოლეგ გუსევის ტრავმისას ვიხილეთ: 23-ე წუთი იყო, დნიპროელთა მეკარე ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა გუსევს, რომელიც იქვე უგონოდ დაეცა. გუსევს ენა ჩაუვარდა და მასთან პირველმა კანკავამ მიირბინა – სანამ ექიმები მოირბენდნენ, ჯაბამ აღმოუჩინა დახმარება.  

კანკავას მადლობა გადაუხადეს ფეხბურთელებმა. გუსევს კი ტვინის შერყევა დაუდგინეს.  ამასთან, სამი კბილი დაკარგა. 

ქართველებზე კიდევ ის ვთქვათ, რომ უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე სამატჩო განაცხადში არ იყვნენ.

ლიტვის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ქართველებმა გაილაღეს: “გრანიტასმა” გასვლაზე 5:0 სძლია “დაინავას” და ამ ხუთიდან, 4 გოლი ქართველებისა იყო. გიორგი ალავერდაშვილმა და თამაზ ჩარგეიშვილმა ორ-ორი ბურთი გაიტანეს. აქედან, თითო გოლი ერთმანეთის პასებით. ალავერდაშვილმა მატჩში რიგით პირველი და მეოთხე გოლები მიითვალა, ჩარგეიშვილმა კი – მეორე და მეხუთე.

“გრანიტასი” მეექვსე ადგილზეა, ამ დუბლით კი ალავერდაშვილმა ჩემპიონატში 4 გოლი მოაგროვა და სერბ ტოკიჩთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა სიას. 

ვიდეო

კანკავა-გუსევი

http://www.youtube.com/watch?v=HiERN9-so8U 

ალავერდაშვილისა და ჩარგეიშვილის გოლები

http://www.youtube.com/watch?v=r_wSuQ07B9s 

0.160789