ჭიდაობა

17:37 | 15.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

კანდიდატებმა ბრინჯაო იკმარეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლში, 12-14 თებერვალს ჩატარებულ იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირი ერთი ბრინჯაოს მედლით მოიარა. ქართული გუნდი თურქეთში ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა ჩაიყვანა. შემადგენლობა კი საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის პრიზიორებით იყო დაკომპლექტებული.
ტურნირში მონაწილეობა 8 ქართველმა მიიღო და მათგან საუკეთესო შედეგი 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ქერაშვილმა აჩვენა. ჩემპიონ-პრიზიორთა სიის გარდა, ტურნირის ორგანიზატორებს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და უმედლოდ დარჩენილი ქართველების ჭიდაობაზეც არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, სათურქეთო განაცხადში, ქერაშვილის გარდა, გივი დავიდოვი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი, გიორგი ბალიაშვილი (ორივე 60 კგ), შალვა მუზიაშვილი (66 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) დავით ახალმოსულიშვილი (84 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილი შედიოდნენ. ქართული დელეგაცია თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება.
19 თებერვალს კი საერთაშორისო არენაზე უკვე საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებით და ნაკრების უმთავრესი კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი გავა. 20-21-ში კიევი უკრაინული ჭიდაობის ვარსკვლავების სახელობის ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დროშის ქვეშ კი ბესიკ გუჩაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ. წინასწარ განაცხადში გიორგი გოგშელიძეც (96 კგ) იყო შეყვანილი, მაგრამ ტრავმის გამო სავარაუდოდ მის ადგილს ბელდუხ გავაშელიშვილი დაიკავებს. კიევში ნაკრებს მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე ჩაიყვანს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087654