აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის ტურნირის ფინალში ერთმანეთს კანადელები, მილოშ რაონიჩი და ვაშეკ პოსპიშილი შეხვდებიან. კანადის ჩოგბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ATP-ის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ნეკერჩხლის ფოთლის ქვეყნის წარმომადგენლები წარსდგებიან. ეს მეტოქეები უწინ ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ და ის პაექრობა რაონიჩმა მოიგო. მილოში თავის საჩოგბურთო კარიერაში 11-ე ფინალს ითამაშებს, პოსპიშილი კი პირველად იასპარეზებს გადამწყვეტ შეხვედრაში.
ნახევარფინალში რაონიჩმა დონალდ იანგს 6:4, 7:5 მოუგო და ნამატჩევს განაცხადა: “ასაკის მომატებასთან ერთად კორტზე უფრო მეტად თავდაჯერებული გავდივარ და ყოველ სიტუაციაში ვიცი, როგორ ვიმოქმედო. ფინალში მოგებისთვის ვიბრძოლებ”.
პოსპიშილს რაც შეეხება, ნახევარფინალში ვაშეკმა ფრანგ რიშარ გასკეს 6:7, 6:3, 7:5 სძლია.