რაგბი

14:15 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანადამ ინგლისის საგზური დაიბევა

კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და ინგლისის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის შემდეგ გასამართ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავსტრალიამ, ინგლისმა, უელსმა, სამხრეთ აფრიკამ, სამოამ, შოტლანდიამ, ახალმა ზელანდიამ, არგენტინამ, ტონგამ, საფრანგეთმა, ირლანდიამ და იტალიამ 2011 წელს, ახალ ზელანდიაში ჯგუფურ ეტაპზე სამეულში მოხვედრით დაიბევეს. დარჩენილი რვა საგზური ამერიკის და ევროპის ზონის შესარჩევი ეტაპის პირველ-მეორე, ასევე, ოკეანეთის, აზიის და აფრიკის შესარჩევი ზონების გამარჯვებულს და რეპეშაჟის მომგებს ერგებათ.

კანადას ამერიკის პირველი გუნდის წოდებას აშშ ეცილებოდა, ერთი კვირის წინ ჩარლსტონში 27:9 გამარჯვების შემდეგ, კანადელები ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ამერიკელებმა ტორონტოში მათ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. სტუმრები ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე მდევრის როლში აღმოჩნდნენ, ტაიმი კი 8:8 დასრულდა. მე-60 წუთზე კანადამ თავისი მეორე ლელო გაიტანა, რაზეც აშშ-მ ექვს წუთში ჯარიმით უპასუხა და ბოლო წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა რომ გაეტანა, უკანასკნელი შვიდი შეხვედრიდან თავის უმთავრეს კონკურენტთან პირველ გამარჯვებასაც იზეიმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მასპინძლებმა 13:11 იმარჯვეს. ამერიკელებს ჯარიმა რომც გამოეყენებინათ, ორი მატჩის ჯამში ინგლისის საგზური მაინც კანადას ერგებოდა, მაგრამ მსოფლიო თასზე გამარჯვებით გასვლა, მაინც სულ სხვაა.

ახლა, კანადელები ინგლისში D ჯგუფში, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და ევროპის მეორე გუნდთან ითამაშებენ. პირველ მატჩს ჩრდილოამერიკელები 19 სექტემბერს ირლანდიასთან გამართავენ, 26 სექტემბერს იტალიას დაუპირისპირდებიან, 1 ოქტომბერს ძალებს საფრანგეთთან მოსინჯავენ, ხოლო 6 ოქტომბერს ევროპის წარმომადგენელს გაეჯიბრებიან, რომელიც, სხვათა შორის, შესაძლოა, საქართველოც იყოს.

მოცემული მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 19 ქულით ლიდერობს და დამატებითი მაჩვენბლებით უსწრებს რუმინეთს, რომელსაც მეორე წრეში თბილისში ეთამაშება. მესამე ადგილზე რუსეთია. მას 14 ქულა აქვს და მეორე წრეში ისიც თბილისში ჩამოდის. უმთავრეს კონკურენტებთან შინ თამაში იმის ფიქრის საშუალებას იძლევა, რომ “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე ევროპის შესარჩევი ზონის პირველი გუნდის სტატუსით გავლენ და C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის შესარჩევი ზონის გამარჯვებულ გუნდებთან ითამაშებენ.

ამა წლის ნოემბერში, კანადა და აშშ თბილისს ტესტ-მატჩების გასამართად ეწვევიან. 9 ნოემბერს “ბორჯღალოსანთა” მეტოქე ამერიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული კანადა იქნება, ხოლო 16 ნომებრეს, მისგან ძლეულ აშშ-ს ვეთამაშებით. 23 ნომებრეს ქართველ მორაგბეებს ტესტ-მატჩი სამოასთანაც ელით.

ისევ მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ აშშ-ს, ინგლისში გამგზავრების შანსი ჯერ არ დაუკარგავს. ახლა მას ორმატჩიან ჯახში ურთიერთობის გარკვევა ურუგვაისთან მოუწევს და წყვილის გამარჯვებული, მსოფლიო თასზე, ამერიკის შესარჩევი ეტაპის მეორე გუნდის სტატუსით გაემგზავრება.

0.121931