დღეს, “კამპ ნოუ” მორიგ “ელ კლასიკოს” უმასპინძლებს – კოპა დელ რეის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში, კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. “სანტიაგო” ბერნაბეუზე” გამართული მატჩი, რომელიც უკანასკნელი წლების “ელ კლასიკოებს” შორის ყველაზე მშვიდობიანი იყო, ფრედ – 1:1 დასრულდა.
ამგვარად, “რეალს” გოლის გატანა მართებს, რადგან უგოლო ფრის შემთხვევაში, ფინალის საგზურს კატალონიელები მოიპოვებენ. თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც “ბარსელონა” იქნება და უპირატესობის გამყარებას შეეცდება. ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ “კამპ ნოუზე” სანახაობრივი და დაძაბული ორთაბრძოლა გაჩაღდეს.
ორივე გუნდისთვის, სეზონის ეს მონაკვეთი გადამწყვეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 მარტს, “ელ კლასიკო” ესპანეთის პრიმერა დივიზიონში შედგება. ამის შემდეგ, ორივე კლუბს ბრძოლა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოუწევს, სადაც “რეალის” მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედია”, “ბარსელონასი” – “მილანი”. თანაც, ესპანური გრანდების შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და, ბუნებრივია, გულის სიღრმეში კლუბები ამ მატჩებზეც ფიქრობენ. მიუხედავად ყველაფრისა, “ელ კლასიკო” ის შემთხვევაა, სადაც მადრიდელებსა და კატალონიელებს ყველაფერი უნდა დაავიწყდეთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლონ.
დღევანდელ შეხვედრაში, “ბარსელონა” და “რეალი” მოედანზე საბრძოლო შემადგენლობებით გამოვლენ. კატალონიელებს ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში ჰყავთ, მადრიდელთა ერთადერთი დანაკლისი კი, გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასია. ისევე, როგორც წინა მატჩებში, “სამეფო კლუბის” კარს ახალწვეული დიეგო ლოპესი დაიცავს. ეჭვქვეშ იყო კარიმ ბენზემასა და ჩაბი ალონსოს თამაში, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ორივე მათგანი შეძლებს მოედანზე გასვლას. მადრიდელებს დაუბრუნდათ პორტუგალიელი მცველი პეპე, რომელიც დღეს 30 წლის იუბილეს ზეიმობს. ტრადიციულად, კოპა დელ რეის მატჩებში, “ბარსელონას” კარში ადგილს ხოსე მანუელ პინტო დაიკავებს. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელთა ყველაზე დიდი დანაკლისი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვაა, რომელიც კვლავ ნიუ იორკში იმყოფება სამკურნალოდ.
აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: თუკი “ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დღევანდელ მატჩში ითამაშებს, ეს მისთვის 37-ე “ელ კლასიკო” იქნება. ამ მაჩვენებლით, კატალონიელი “რეალის” ლეგენდებს – რაულსა და ფერნანდო იეროს გაუთანაბრდება. 3 მარტს, პრიმერა დივიზიონის “ელ კლასიკოში” თამაშის შემთხვევაში, ჩავი მადრიდულ დუეტს უკან ჩამოიტოვებს და მის წინ მხოლოდ 2 ფეხბურთელი იქნება – ხენტო (42 მატჩი) და მანუელ სანჩისი (43 მატჩი).
ახლა კი, “ბარსელონასა” და “რეალის” წარმომადგენელთა წინასამატჩო კომენტარები:
ჟოზე მოურინიო (“რეალი”): “ჯერჯერობით, არ ვიცი, როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საიდუმლოს წინასწარ გამხელა არ მსურს. უბრალოდ, ძირითადი შემადგენლობის შერჩევაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. ტრადიციულად, როდესაც სასტარტო 11 ფეხბურთელზე მეკითხებიან, პასუხი მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს სხვა შემთხვევაა”.
ჟორდი როურა (“ბარსელონა”): “სევილიასთან” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გვინდა, მოგებათა სერია “რეალთან” მატჩითაც გავაგრძელოთ. მადრიდელებს ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დიდი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ უკანასკნელ “ელ კლასიკოში” დაშვებული შეცდომები შევისწავლეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ გავიმეოროთ. მსაჯობას ყურადღებას არ მივაქცევთ და მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულნი. მატჩი “კამპ ნოუზე” ტარდება და ჩვენი გულშემატკივრების გახარებას ვეცდებით”.
სესკ ფაბრეგასი (“ბარსელონა”): “პირველ მატჩში, საკმარისი შანსები გვქონდა და შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა. საპასუხო შეხვედრაში, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვითამაშოთ. მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მეტი თავდაჯერება გვმართებს, რათა მადრიდელთა კარის აღება და ფინალში გასვლა შევძლოთ. გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ. მოედანზე არ დავდგებით და მოვლენების განვითარებას გულხელდაკრეფილნი თვალს არ მივადევნებთ”.
ალფრედო დი სტეფანო (“რეალი”): “უაღრესად რთული მატჩი იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, “რეალი” შემდეგ ეტაპზე გავა. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია”.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, პიკე, პუიოლი, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი.
მწვრთნელი: ჟორდი როურა
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, რამოსი, ვარანე, პეპე, ფაბიუ კოენტრაუ, ხედირა, ჩაბი ალონსო, იოზილი, დი მარია, რონალდუ, იგუაინი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მსაჯი: უნდიანო მალენკო