„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი კრის კამანი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში“ გადავიდა. ამის შესახებ Yahoo! Sports და „ლეიკერსის“ ვებგვერდი იუწყებიან. გერმანელი ცენტრი მომავალი ორი სეზონის განმავლობაში 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
კამანი კალიფორნიულ გრანდში შარშან გადავიდა და არც თუ ისე ცუდი თამაშისა და სტატისტიკის მიუხედავად (19 წუთში, საშუალოდ, 10.4 ქულა და 5.9 მოსხნა), მწვრთნელის ნდობა ვერაფრით მოიპოვა.
კამანის გადაწყვეტილება, ფინანსური მხარის გარდა, იმანაც განაპირობა, რომ „პორტლენდს“ საკმაოდ სუსტი სათადარიგოთა სკამი ჰყავს და გერმანელს სათამაშო დრო საკმაოდ ექნება.
კამანი „ლეიკერსის“ მეორე მოთამაშეა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში გუნდიდან წავიდა. როგორც გუშინ გაუწყეთ, მანამდე გუნდი ჯოდი მიქსმა დატოვა, რომელიც „დეტროიტ პისტონზს“ შეუერთდა.
ლევან გოგოტიშვილი