გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ “სოხუმსა” და “დინამოს” შორის დღეს ჩატარებული საქართველოს თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი, თავისი დრამატიზმითა და დაძაბულობით პრაქტიკულად კალათბურთის ნებისმიერი გულშემატკივრის გემოვნებას სრულად დააკმაყოფილებდა. გეხსომებათ, პირველი შეხვედრა სოხუმელებმა 6 ქულის სხვაობით (70:64) მოიგეს, თუმცა მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდი ჰყავდათ “დინამოს” სახით, რომ ბევრს ფინალში გასვლის ფავორიტად მაინც ირაკლი ხოშტარიას გუნდი მიაჩნდა. თუმცა, ვაჟა კვარაცხელიამ და მისმა ბიჭებმა უკვე მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ისინი მებრძოლი, მამაცი სპორტსმენები არიან და მათთვის “საკალათბურთო ავტორიტეტი” არ არსებობს.
საპასუხო ნახევარფინალური მატჩი უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. განკუთვნილი დროის დიდ ნაწილში წინ “დინამო” იყო, თუმცა სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფინალში სავსებით დამსახურებულად გავიდნენ.
განსაკუთრებით ვაჟკაცურად “სოხუმმა” მეოთხე პერიოდში იბრძოლა, როდესაც თითქოს მოთამაშეებს ფიზიკური ძალა გამოელიათ, მაგრამ მათ უდრეკი ხასიათი გამოავლინეს და არსებობის ისტორიაში საქართველოს თასის ფინალში პირველად გავიდნენ.
სოხუმელთაგან აღნიშვნის ღირსი სათამაშოდ გასული პრაქტიკულად ყველა კალათბურთელია, თუმცა მაინც გამოვყოფთ ჯერემი სიმონსს, ვახტანგ ქადარიას, გრიგოლ შვანგირაძეს და ირაკლი ჩლაიძეს.
სიმონსი 10 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი შეიქნა, ხოლო ჩლაიძე და ქადარია დინამოელ მილოშევიჩთან ერთად 18 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები გახდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი 73:71 “დინამომ” მოიგო, ორი შეხვედრის ჯამში “სოხუმი” ფინალისტია.
დინამო - სოხუმი 73:71 (18-13; 15-19; 19-13; 21-26)
პირველი მატჩი 64:70
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ „სოხუმს“გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს თასის ფინალში. მხოლოდ სათამაშო პრობლემა არ გვაქვს, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე გუნდი და ეს ორივე მარცხი ჩემი ბრალია. მოდუნების უფლება მივეცით თავს, რაც მეტოქემ არ გვაპატია. ბიჭებმა იბრძოლეს და მადლობა მათ. რთულია ჩემპიონატის ერთ ტემპში თამაში და გარკვეული ჩავარდნა გვაქვს, თუმცა ამით არაფერი მთავრდება, გავაანალიზებთ ყველაფერს და ჩემპიონატისთვის მოვემზადებით.
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): მაგარი ბიჭები გვყავს, ნამდვილი გმირები. დავრწმუნდი, რომ მათ უყვართ კალათბურთი და ღირსეული მოთამაშეები არიან. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის ქართული კალათბურთი. ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ და ახლა მნიშვნელობა არ აქვს, გვექნება თუ არა ხელფასი. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვიბრძოლებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგვხვდება ფინალში, ყველაფრისთვის მზად ვართ.
ირაკლი ჩლაიძე ("სოხუმი’’): ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ბიჭებმა დიდი შემართებით დავიწყეთ და თავიდანვე გვჯეროდა, რომ მიზნის მიღწევას შევძლებდით. შეიძლებოდა წაგვეგო, თუმცა 5-ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებას არ ვუშვებდით. გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, ბოლო პერიოდში რატი ბააკაშვილი გამოგვაკლდა, თუმცა მოვახერხეთ მობილიზება, ბოლომდე ვიბრძოლეთ და თამაში სასურველი შედეგით დავასრულეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა მოთამაშეს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე გვიდგანან გვერდით. ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნით.







