19 წლის ოქსანა კალაშნიკოვას კარგი შანსი აქვს 2009 წლის სეზონი მორიგი ტიტულით დაასრულოს. დუბაის 75-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება სჭირდება, რათა ჩემპიონის წოდება მოიპოვოს.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მიმდინარე ტურნირის ერთეულთა თანრიგში, კალაშნიკოვამ პირველივე მატჩი წააგო, წყვილებში კი გერმანელ იულია გოერგესთან ერთად ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო.
ქართულ-გერმანულმა დუეტმა საწყის წრეში ფრანგ პავლოვიჩსა და ლატვიელ სევასტოვას 6:2, 4:6, 10:5 სძლია, მეოთხედფინალში კი სერბები იოვანოვსკი და ლუკიჩი 6:4, 6:2 დაამარცხა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კალაშნიკოვა და გოერგესი რუსებს – ლიკინასა და როდინას გაეჯიბრებიან.







