ჩოგბურთი

2:52 | 21.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მოულოდნელი გასროლა

19 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაატარა. მსოფლიო რეიტინგში 163-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ასეულში შემავალ, კონკრეტულად კი პლანეტის 96-ე ჩოგან ედინა გალოვიცს შანსი არ დაუტოვა და კვალიფიკაციის დასკვნით წრეში გააღწია.
25 წლის რუმინელი “როლან გაროსის” კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად იყო განთესილი და კალაშნიკოვასთან უპირობო ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა, მოულოდნელი მარცხი კი შეემთხვა. თამაში საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და ოქსანას სენსაციური გამარჯვებით – 7:5, 6:2 დასრულდა.
ქართველმა გოგონამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 73% (45 64-დან) მოიგო, მეორეზე – 53% (9 17-დან), 3 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ოქსანამ 6 ბრეიკ-პოინტიდან 4 გამოიყენა, თავად მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო, სულ კი მეტოქის 57-ის წილ 70 გათამაშება მოიგო.
როგორც აღვნიშნეთ, კალაშნიკოვამ ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში გააღწია და ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. ოქსანას შემდეგი მეტოქე რუსი ეკატერინა ივანოვა იქნება, რომელსაც რეიტინგში 151-ე ადგილი უკავია და საფრანგეთის ღია პირველობაზე, ჩვენებურის დარად, პირველად თამაშობს.
22 წლის ივანოვამ კვალიფიკაციაში ჯერ 21-ე ნომრად განთესილ თანამემამულე ნინა ბრატჩიკოვას სძლია (4:6, 6:4, 6:3), ხოლო შემდეგ ამერიკელ ჯულია კოენს 6:2, 6:3 მოუგო. კალაშნიკოვასა და ივანოვას მატჩი დღეს “როლან გაროსის” მე-10 კორტზე მე-3 ნომრადაა დანიშნული და სავარუდოდ, დღის ორ საათამდე ვერ დაიწყება.
აქვე ვთქვათ, რომ მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლისთვის კალაშნიკოვამ 50 სარეიტინგო ქულა და 8 ათასი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ძირითად ბადეში მოხვედრის შემთხვევაში 60 ქულასა და 15 ათასს ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ლეილა მესხის შემდეგ, ოქსანა პირველი ქართველი ქალი ჩოგურთელი გახდება, ვინც დიდი შლემის ტურნირების ძირითად ბადეში იასპარეზებს.
სამწუხაროდ, ვერაფრით გაგვახარა საქართველოს პურველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა (154-ე), რომელმაც 24-ე ნომრად განთესილ რუს ვესნა მანასიევასთან (137-ე) ვერაფერი გააწყო და 2:6, 3:6 განადგურდა. თამაში საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ანამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 49% (18 37-დან) მოიგო, ხოლო მეორეზე – 45% (5 11-დან), რაც კარგ მაჩვენებლებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ტატიშვილს ეისი არ ჩაუწოდებია, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მხოლოდ 52 გათამაშება მოიგო, იმ ფონზე, როდესაც მეტოქემ 64-ჯერ იმარჯვა. გარდა ამისა, მანასიევას ბრეიკ-პოინტის განხორციელების შანსი 13-ჯერ მიეცა და 6-ჯერ წარმატებას მიაღწია.   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169291