19 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ 2009 წელი მორიგი ტიტულით დაასრულა. დუბაიში დასრულებულ 75-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში კალაშნიკოვამა და გერმანელმა იულია გოერგესმა ოთხი მატჩი მოიგეს და პირველობა არავის დაუთმეს.
მე-4 ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა საწყის რაუნდში ფრანგულ-ლატვიურ (პავლოვიჩი-სევასტოვა) წყვილს 6:2, 4:6, 10:5 სძლია, მეოთხედფინალში კი სერბული ტანდემი (იოვანოვსკი-ლუკიჩი) 6:4, 6:2 დაამარცხა.
კალაშნიკოვასა და გოერგესს დიდი ბრძოლები გადახდათ დასკვნით შეხვედრებში. ოქსანამ და იულიამ რუსებს ლიკინასა და როდინას 3:6, 6:2, 13:11 მოუგეს, ფინალში კი პირველ ნომრად განთესილი ჩეხები (ულიროვა-ვორაცოვა) 4:6, 6:2, 10:8 დაჯაბნეს.
წლეულს, წყვილებში, ოქსანასთვის ეს უკვე მე-6 მოგებული ტურნირი გახლდათ, თანაც – ყველაზე პრესტიჟული. აქამდე კალაშნიკოვას ეგვიპტურ გიზაში (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი), უზბეკურ კარშიში (25 ათასი), ყაზახურ ალმატიში (25 ათასი), იტალიურ ნაპოლიში (25 ათასი) და ფრანგულ ლიმოჟში (25 ათასი) ემარჯვა.
ამ დროისთვის, ოქსანა წყვილთა რეიტინგში კარიერაში საუკეთესო პოზიციაზე (146-ე) იმყოფება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ხვლ გამოსაქვეყნებელ კლასიფიკაციაში იგი სარეკორდო ადგილს უწევს.







