ჩოგბურთი

16:53 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ უიმბლდონზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ანა ტატიშვილის გუშინდელი დასანანი მარცხი შემდეგ, დღეს, უიმბლდონზე ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება დაფიქსირდა. 22 წლის ოქსანა კალაშნიკოვას და სლოვაკი იანა ჩეპელოვას წყვილი პირველ რაუნდში ამერიკულ-გერმანულ დუეტს (ფალკონი-მარია) დაუპირისპირდა და საწყის სეტში განცდილი მარცხის მიუხედავად, 4:6, 6:1, 6:1 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში, რომელიც საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, ქართულ-სლოვაკურმა ტანდემმა 9 შესაძლებლობიდან მეტოქის მოწოდება 6-ჯერ მოიგო, ჯამში კი ამერიკელ და გერმანელ ჩოგბურთელებზე 20-ით მეტ გათამაშებაში იმარჯვა – 83:63.

მე-2 წრეში კალაშნიკოვა და ჩეპელოვა მე-2 ნომრად განთესილ ჩეხურ (ჰლავაჩკოვა-ჰრადეცკა) და რუსულ-ავსტრალიურ წყვილებს (კუდრიავცევა-როდიონოვა) შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლის წყალობით, კალაშნიკოვამ და ჩეპელოვამ 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, კიდევი ერთი გამარჯვების შემთხვევაში კი, აქტივს უკვე 280 ქულას შემატებენ.

აქვე დავძენთ, რომ ამ დროისთვის, ოქსანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში 1314 ქულით 73-ე ადგილი უკავია და ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვვენებელია.

ცნობისთვის, მალე კორტზე ანა ტატიშვილსაც ვიხილავთ, რომელიც რუმინელ სიმონა ჰალეპთან გახლავთ შეამხანაგებული და წყვილთა ტურნირის პირველ წრეში ძალებს ფრანგი ფორეც გაკონის და ჩეხი ჰრდინოვას დუეტთან მოსინჯავს.

0.115261