ჩოგბურთი

16:21 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ “როლან გაროსის” პირველი წრე დასძლია

საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა ტურნირის პირველ რაუნდში ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და პოლონელმა კატარჟინა პიტერმა ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი და სამხრეთაფრიკელი ჩანელ შეეპერსი 2:6, 7:6 (7:4), 6:1 დაამარცხეს.

შეხვედრა ორ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, ყველაზე დრამატული კი მე-2 სეტი გამოდგა. ის თითქმის ერთს საათს მიმდინარეობდა და ოქსანამ და კატარჟინამ ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგეს. მატჩში გარდამტეხი სწორედ აღნიშნული მომენტი გამოდგა. ქართულ-პოლონური დუეტი, რომელმაც პირველი სეტი იოლად დათმო, გადამწყვეტ სეტში ძალიან მობილიზებულად გამოიყურებოდა და მეტოქეებს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო.

კალაშნიკოვამ და პიტერმა 8-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს და თავადაც მოწოდება ამდენჯერვე დათმეს, თუმცა, მაკჰეილს და შეეპერს ბრეიკის შანსი ერთბაშად 12-ჯერ ჰქონდათ. ქართულ-პოლონურ წყვილს ეისი არ მოუწოდებია, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ჯამში 98 გათამაშება მოიგო, მოწინააღმდეგეთა 91-ის საპირისპიროდ.

კალაშნიკოვამ და პიტერმა 1/16-ფინალში გასვლის წყალობით, 130-130 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ოქსანას და კატარჟინას მეტოქეთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-4 ნომრად განთესილი კვეტა პეშკე (ჩეხეთი) და კატარინა სრებოტნიკი (სლოვაკეთი) ამერიკელებს – ლორენ დევისს და მეგან მულტონ-ლევის დაუპირისპირდებიან.

0.121586