საქართველოს მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა, უზბეკეთის ქალაქ კარშიში, 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად კი გახლდათ განთესილი, თუმცა, საწყის რაუნდშივე წააგო. ოქსანა რუს ევგენია პაშკოვას დაუპირისპირდა და 4:6, 6:2, 3:6 დამარცხდა.
პირველი წრის მატჩი ჯერაც წინ აქვს სოფო ქვაცაბაიას, რომლის მეტოქეც ყირგიზი ბერმეტ დუვანაევა იქნება. წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა და ავსტრალიელი როგოვსკა, სლოვაკურ-ყირგიზულ დუეტს (ლუკნაროვა-პალკინა) ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში რუსებთან – ძალამიძესთან და მუხამეტოვასთან ჭიდილი ელით.
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც 25-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი და საწყის შეხვედრაში უკრაინელ ირინა კირიჩენკოს გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავა და რუსი შამაიკო (მე-3 რეიტინგი) ბელორუსებს კუზმენკოვასა და ორლიკს დაუპირისპირდებიან.
აშშ-ს ქალაქ ვერო ბიჩში, 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა ზურაბ ჟვანიამ. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ტრევის კინარდს 6:3, 6:4 სძლია, რის შემდეგაც პირველ ნომრად განთესილ ბარბადოსელ ჰაიდნ ლუისთან 2:6, 1:6 დამარცხდა.
მალტის ქალაქ კორდინში, იუნიორთა ტურნირში ჩაება 17 წლის ნიკა დოლიძე. პირველ მატჩში მან იტალიელ მარიანო ესპოზიტოს 2:6, 6:3, 7:5 სძლია და მერვედფინალში კი, მე-6 ნომრად განთესილ ბელგიელ კარიმ ტურმუსს ეთამაშება. წყვილთა ტურნირში დოლიძე და იტალიელი მასარა, გერმანულ-ავსტრიულ ტანდემს (მარტერერი-მიედლერი) გაეჯიბრებიან.
კიდევ ერთი 17 წლის ქართველი იუნიორი, ალექსანდრე მეტრეველი იტალიაშია, სადაც სალსომაჯიორე ტერმეს ტურნირზე მე-13 განთესვა ერგო. მეტრეველი საწყის წრეში თავისუფალი გახლდათ, მე-2 რაუნდში კი იაპონელ რიოტა კიშის გაეჯიბრება.







