ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულ სვლას აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკს არაფერი დაუთმო და 6:3, 6:4 სძლია, რისთვისაც 14 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
მეოთხედფინალში კალაშნიკოვას მეტოქე ფრანგი ირენა პავლოვიჩი იქნება, რომელმაც გზიდან სერბი ანა იოვანოვიჩი ჩამოიცილა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში სოფო შაფათავა და ყირგიზი პალკინა მე-3 ნომრად განთესილ რუსულ-ესტონურ (ანი-დიატჩენკო) დუეტთან 2:6, 7:6 (10:8), 4:10 დამარცხდნენ.
აშშ-ს ქალაქ მაკალენში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირზე დიდი გამოცდა ელის საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 507-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ბულგარელი ბორის ბაკალოვი 7:5, 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი ძალებს ხორვატ მარიო ანჩიჩთან მოსინჯავს, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-7 ჩოგანიც კი გახლდათ.
25 წლის ხორვატმა კარიერის საუკეთესო პოზიციას 2006 წლის ივლისში უწია, თუმცა, ბოლო წლებში ავადმყოფობამა და ტრავმებმა გააწამა და უთამაშებლობის გამო, დღეისთვის 477-ე საფეხურზე იმყოფება.
მარიო საჩოგბურთო ელიტაში დამკვიდრებას ხელახლა ცდილობს და ასპარეზობა ფიუჩერსის რანგის ტურნირებზეც კი უწევს. ტეხასური გათამაშების საწყის რაუნდში ანჩიჩმა მე-4 ნომრად განთესილი სერბი ფილიპ კრაინოვიჩი 6:1, 6:4 დაამარცხა, ახლა კი, როგორც აღვნიშნეთ, ბასილაშვილს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ტაივანელ ჩენს შეუამხანაგდა და პირველ შეხვედრაში ამერიკელ ძმებ ბოლინგებს 6:1, 6:0 მოუგო. მეოთხედფინალში ბასილაშვილი და ჩენი ავსტრალიურ დუეტს (ისტონი-კლეინი) გაეჯიბრებიან.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში სოფო ქვაცაბაია ახალზელანდიელ ეილენ ბერისთან 1:6, 2:6 დამარცხდა. წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ პირველ ნომრად განთესილ პოლონურ ტანდემთან (ბროზდა-კიშჩინსკა) 4:6, 2:6 წააგეს.







