როგორც უკვე ვიუწყებოდით, გასულ კვირას ოქსანა კალაშნიკოვა პუნეს 25-ათასიან ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა. საბედნიეროდ, დაზიანება არც ისეთი მძიმე გამოდგა და ქართველი ჩოგბურთელი ინდოეთშივე ნავი მუმბაის 25-ათასიან ტურნირში ჩაერთვება.
ოქსანა მე-8 ნომრად არის განთესილი და პირველ რაუნდში ყირგიზ კსენია პალკინას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელებს – სუნკარას და ბოსალეს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა პირველ ნომრად არიან განთესილნი და საწყის წრეში უკრაინელ დიანა ბოგოლის და რუს ანა მორგინას გაეჯიბრებიან.
ანტალიაში მორიგ 10-ათასიან ტურნირში მოსინჯავს ძალებს თამარ ჭალაგანიძე. მისი პირველი მეტოქე მე-4 განთესვის მქონე უკრაინელი ალიონა სოტნიკოვა იქნება.
ამასობაში, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 8 ქართველი გოგონა მოხვდა: 126 (126). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 215 (216). სოფო შაფათავა – 288; 318 (320). ოქსანა კალაშნიკოვა – 146; 423 (419). ეკატერინე გორგოძე – 93; 469 (468). მაკა ჩახნაშვილი – 74; 704 (680). სოფო ქვაცაბაია – 32; 1204 (1196). მარიამ ბოლქვაძე – 4; 1224 (1219). თამარ ჭალაგანიძე – 3;
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 116 ქულით 366-ე პოზიციაზე იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მიმდინარე კვირაში დოჰას 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებს.
მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ყატარში პირველ მატჩს გერმანელი დომინიკ შულცის წინააღმდეგ ჩაატარებს. წყვილებში ბასილაშვილი და ბელარუსი იაჰორ იაცუკი “უაილდ ქარდის” მქონე ყატარელებს – ალ ალის და ალ მოჰამუდს დაუპირისპირდებიან.