აშშ-ს ღია პირველობის ერთეულთა ბადის კვალად წყვილთა ბადეც გამოქვეყნდა, რომელშიც ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს. ოქსანა კალაშნიკოვა პოლონელ ალისია როსოლსკასთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში უნგრულ-იტალიურ დუეტს (ტიმეა ბაბოში-ფრანჩესკა სკიავონე) გაეჯიბრება.
გამარჯვების შემთხვევაში, ოქსანა და ალისია მე-6 განთესვის მქონე გერმანულ-ჩეხურ (გროენეფელდი-პეშკე) და ტაივანურ (ჰაო-ჩინგი/იუნგ-იანი) წყვილებს შორის უმჯობესს ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ წყვილთა კლასიფიკაციაში კალაშნიკოვას 1675 ქულით 53-ე ადგილი უკავია.
წყვილთა ტურნირში არ ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელსაც ერთეულთა ბადეში შარშან გამომუშავებული 280 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და როგორც სჩანს, სრულად ამ ფრონტზე იქნება კონცენტრირებული. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილის პირველი მეტოქე სერბი ანა ივანოვიჩი იქნება.