სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ მორიგი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.
კალაშნიკოვასა და სლოვენიელი კლეპაჩის მე-2 ნომრად განთესილმა დუეტმა მეოთხედფინალში ბრიტანელი ო’ბრაიენისა და პორტუგალიელი სილვას ტანდემს 6:3, 6:4 სძლია, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუსულ-ბერძნულ წყვილს (დიატჩენკო-გეორგატუ) დაუპირისპირდება.
ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ოქსანამ მე-5 ნომრად მიჩნეულ უკრაინელ მარია კორიცევას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:6, 2:6 წააგო.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს სოფო ქვაცაბაია. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევის შემდეგ, ძირითად ბადეში ფრანგი ნატალი პიკიონი 6:4, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კიდევ ერთ ფრანგ მატილდე იოჰანსონს (მე-6 განთესვა) გაეჯიბრება.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დამაჯერებლად ასპარეზობს 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი მანანა შაფაქიძე. ქართველმა გოგონამ მეოთხედფინალში მე-5 რეიტინგის მქონე რუსი დიანა არუტუნოვა 6;2, 6:1 გაანადგურა და ახლა, ნახევარფინალში მის პირისპირ ბრიტანელი ლიზა უიბურნი დადგება.







