ჩოგბურთი

15:09 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა 500-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშია

ანა ტატიშვილის კვალად, ახალი საჩოგბურთო სეზონი ოქსანა კალაშნიკოვამაც გახსნა. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ქალაქ შენჟენში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში სცდის, რომლის საპრიზო ფონდიც 500 ათასი დოლარია.

“შენჟენ ოუფენის” ერთეულთა შეჯიბრის კვალიფიკაციაში ოქსანა მე-2 ნომრად განთესილ ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას დაუპირისპირდა და 2:6, 1:6 დამარცხდა, წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო.

მერვედფინალურ შეხვედრაში კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ, ჩინელებს ჟაოქსუან იანს და ქიუ იუ იეს გაეჯიბრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 6:7 (3:7), 10:6 იმარჯვეს.

ცნობისთვის, გასული შეხვედრა საათნახევარზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.

მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, ქართულ-უკრაინულმა დუეტმა 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი ისეც ჩინელებს (იაფან ვანგი-ჟი ჟენგი) დაუპირისპირდება.

თუკი კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა მომავალ მატჩშიც იმარჯვეს, აქტივს 110 ქულას შემატებენ, ჩინური ტურნირის ფინალისტობა 180 ქულას იძლევა, გამარჯვებულები კი 280 ქულას მიიღებენ.

0.113464