სხვა

15:43 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკურიუ მე-6 უცხოელი იოკოძუნა გახდა

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ კაკურიუს იოკოძუნას ტიტული მიაკუთვნა. 28 წლის მონღოლი მანგალჟალავინ ანანდი მე-6 უცხოელი სუმოისტი გახდა, რომელიც უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე ავიდა.

აქამდე, არაიაპონელთაგან თავის გამოჩენა ჰავაელებს – აკებონოს და მუსასიმარუს და ასევე მონღოლებს – ასაშორიუს, ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის მოუხერხებიათ.

ხუთშაბათს “წერო-დრაკონის” აღმზრდელ სკოლა იძუცუში ცუნას დამზადებენ. სპეციალური ქამრის დაწვნა, რომელიც “დიდ ჩემპიონებს” უნდა ემოსოთ, მომავალი საზეიმო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტია.

უკვე პარასკევს, 71-ე იოკოძუნა სინტოისტურ სიწმინდე – მეიძი ძინგის ტერიტორიაზე ნათლობას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ პოლიტენიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვაჟი ბავშვობაში კალათბურთით, ჩოგბურთით, თავისუფალი ჭიდაობით და კრივით იყო დაკავებული, შემდეგ კი მთელი ენერგია სუმოს დაუთმო.

ცნობისთვის, როდესაც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორს ჰანაკაგოს სკოლის სკაუტები სტუმრობდნენ, კაკურიუ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა, მას ოცნებისკენ სვლა არ შეუწყვეტია.

15 წლის ჭაბუკმა იაპონიაში წერილი “აფრინა” და ოიაკატა იძუცუსგან (წარსულში სეკივაკე საკოკოჰო, სეკივაკე ცურუგამინეს ვაჟი და სეკივაკე ტერაოს უფროსი ძმა) პასუხიც მიიღო.

პროფესიულ სუმოში მანგალჟალავინ ანანდის დებიუტი 2001 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ კაკურიუ მხოლოდ 65 კილოგრამს იწონიდა და მწვრთნელ-აღმზრდელი მონღოლზე ხშირად ხუმრობდა, მისგან კარგი ტაკოიამა (დალაქი, რომელიც რიკიშების ვარცხნილობაზე ზრუნავს) დადგებოდაო.

4 წლის თავზე კაკურიუმ რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ააღწია და სეკიტორის ელიტარული სტატუსი მიიღო, 2006 წელს კი უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2012 წლის მარტში “წერო-დრაკონი” ოძეკის ტიტულამდე აღზევდა.

მანგალჟალავინ ანანდის ბოლოდროინდელი წარმატებების საიდუმლო კუნთოვანი მასის ზრდაში იმალება. კაკურიუმ სატრენაჟორო დარბაზებში სიარულს მოუხშირა და უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, 10 კილოგრამი მოიმატა. ამასთან, მას სისწრაფე, რეაქცია და დოჰიოს გრძნობა არ დაუკარგავს.

ამჟამად, 71-ე “დიდი ჩემპიონის” წონა 154 კგ-ს უტოლდება.

თეგებიკაკურიუ
0.133572