ერთ წყნარსა და წესიერ კაცს ვიცნობ, რომლის ხმამაღალი სიტყვაც კი არავის გაუგია. დადის თავისთვის, დაფაჩუნობს... რომელიღაც ფირმაში დისტრიბუტორად მუშაობს და ასე, ავად თუ კარგად ინახავს თავის ცოლსა და ორ შვილს. ყველამ იცის, რომ ეს კაცი ყოფილი მოჭიდავეა და თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებებისათვისაც მიუღწევია. ტრავმის გამო სპორტული კარიერა ადრე დაუსრულებია და მთავრობის წევრებთან თხოვნის წერილებით სირბილს, დისტრიბუტორის წყნარი ცხოვრება არჩია.
ერთადერთხელ ამ კაცის მაღალი ხმა კი არა, შემზარავი ღრიალი წინა კვირას გაიგეს მეზობლებმა და მოსმენილით გაოგნებულები, უმალ ყოფილი მოჭიდავის სახლში შეცვივდნენ. ამ დროს რა თქმა უნდა ყველა იფიქრებდა, რომ საქმე ოჯახურ კონფლიქტთან შეიძლება გვქონდეს. როდესაც მეზობლები ამ კაცის სახლში შეცვივდნენ, ერთობ საინტერესო სურათი დახვდათ. ბინის ჰოლის იატაკზე, დიდი ხალიჩის შუაგულში, ტელევიზორის ნამსხვრევები იყო მიმოფანტული. ტელევიზორის დამამსხვრევ ოჯახის უფროსს კი მსხვრევის სავარაუდო იარაღი – რკინისსაზურგიანი სკამი, ჯერ ისევ ხელში ეჭირა.
ატყდა ერთი გაწევ-გამოწევდა და ჯაჯგური – აქაოდა ეს კაცი გავაჩეროთ, თორემ მთელს ოჯახს აიკლებსო. მაგრამ, ყველასდა გასაკვირად, “მოძალადის” ცოლი მეზობლების ამ მონდომებას სიცილით შეხვდა და შეეცადა ყველასათვის აეხსნა, რომ მის ქმარს ტელევიზორი ოჯახური ჩხუბის ნიადაგზე არ დაუმტვრევია. მისი განრიხსების მიზეზი ბევრად უფრო ღრმა და გულდამწველი იყო, ვიდრე ერთი ოჯახური გაწევ-გამოწევა.
როგორც აღმოჩნდა, ყოფილი მოჭიდავე სახლში დაღლილი მისულა და ცოლისთვის უთხოვია საჭმელი ტელევიზორის ოთახშივე მომიტანეო. რა თქმა უნდა ფიქრობდა – თან ტელევიზორსაც ვუყურებ, იქნებ ახალი და კაი ამბები დღეს მაინც გავიგოო. ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე საინფორმაციო გამოშვება უკვე სრულდებოდა და სწორედ გადაცემის ბოლოს, სპორტულ ბლოკში გამოაცხადეს ის, რამაც ეს ცხვარივით კაცი გიჟ და გადარეულ აგრესორად აქცია.
ერთი სიტყვით, გადაცემაში თქვეს, რომ ჭიდაობის სახეობები - აქაოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველიაო - შესაძლებელია ოლიმპიადიდან ამოიღონ და ამაზე მსოფლიო სპორტზე “მოამაგე ტვინები” გამალებით მუშაობენო. ალბათ დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილი მოსათმენია ამის გაგება იმ ადამიანისათვის, რომელმაც მთელი ახალგაზრდობა ჭიდაობას მიუძღვნა და თუკი რაიმე ბედნიერი მოსაგონარი ჰქონია ცხოვრებაში – ესეც ჭიდაობას უკავშირდება.
ჰოდა, გადაირია ეს კარგი კაცი, წამოხტა ფეხზე, ანგარიშმოუცემლად (ალბათ ისე, რომ ვერ კი ხვდებოდა რას აკეთებდა) დაავლო იმ სკამს ხელი რომელზეც ცოტა ხნის წინ იჯდა და მთელი ძალ-ღონით (ღონე კი იცოცხლეთ, არ დაეწუნება) სდრუზა ამ ყველაფერში “დამნაშავე“ ტელევიზორს.
ყოფილი მოჭიდავის ოჯახში ატეხილი ხმაურიიან ცოტა ხნის შემდეგ, პატრულიც მივიდა და მეზობლებს პოლიციის თანამშრომელიც დასარწმუნებლად, რომ ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, კარგა დიდი დრო დასჭირდათ. თუმცა, ბოლოს პოლიციელებიც მიხვდნენ, რომ სკანდალის მიზეზი მართლა ჭიდაობის ოლიმპიური სახეობებიდან ამოღების ალბათობა იყო.
ისე, ღმერთმა იცის, მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ბოსებმა ამ ბოლოდროინდელი ამბებით, რამდენ ქართველ და არამხოლოდ ქართველ ცნობილ მოჭიდავესა და ძიუდოისტს ატკინეს გული. მაგრამ ამას ეს ხალხი რატომღაც არად დაგიდევთ...