ოსაკას ბაშოს მორიგ დღეს წარმატებას სამიდან ორმა ქართველმა სუმოისტმა მიაღწია. დოჰიო გამარჯვებულებმა კოკაიმა და გაგამარუმ დატოვეს, ტოჩინოშინიმ კი მარცხი განიცადა.
მაკუუჩი დივიზიონში აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ლევან ცაგურიამ სამი მარცხის წილ მეექვსე გამარჯვება მე-10 მაეგაშირა შიმოტორისთან იზეიმა.
ექს-კომუსუბითა ჯახში “შავ ზღვად” წოდებულმა ქართული სუმოს პიონერმა იორიკირი განახორციელა და დადებითი ბალანსის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კოკაის კაჩიკოშისთვის დარჩენილი ექვსი ბრძოლიდან ორის მოგებაღა სჭირდება.
ცაგურიას მომდევნო მეტოქე იაპონელი კიტატაიკი იქნება, ვისაც ზურგს ასევე ექვსი გამარჯვება უმაგრებს. ქართველი სეკიტორი ტოკიოელს შარშან მაისში გადაეყარა და მაშინ იორიკირით იმარჯვა.
9 ბრძოლაში 6 მოგება შერჩა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძესაც, რომელმაც ექს-სეკივაკე კოტოშიგიკუსთან იორიკირით დამარცხდა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე ტოკიტენკუ იქნება, რომელმაც ჰარუ ბაშოზე პირველი მარცხი დღეს მიაბიამასთან განიცადა. გასული წლის ივლისში ტოჩონიშინიმ მონღოლთან იორიკირით წააგო.
ტოკიტენკუს წაფორხილების შემდეგ, მაკუუჩი დივიზიონს ორი დაუმარცხებელი სკეკიტორიღა შერჩა – მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და ესტონელი სეკივაკე ბარუტო. ტოკიტენკუს დარად, ერთი მარცხი მოეძევება მონღოლ ოძეკი ჰარუმაფუჯის.
წარუმატებელი სერია შეწყვიტა ძურიოს დივიზიონში მე-3 ნომრად განთესილმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. 23 წლის ქართველს მაკუუჩიში აღზევების შანსი აქვს და ამისთვის, ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება, რაც ძალიან რთული იქნება.
გაგამარუმ მე-8 ნომრად მიჩნეული ჩიოჰაკუჰო დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა და 5 მარცხის წილ 4 გამარჯვება იზეიმა. ქართველ გოლიათს კაჩიკოშისთვის დარჩენილი ექვსი შერკინებიდან მინიმუმ ოთხის მოგება მართებს.
ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე ასევე 4 ბრძოლის მომგები კიოკუნანკაი იქნება. 32 წლის იაპონელი ქართველს პირველად გაეჯიბრება.
ძურიოს მოგების მთავარი პრეტენდენტები კორიუ და ტამაასუკა არიან, რომლებიც 8-დან 7 შემთხვევაში დოჰიოს გამარჯვებულები ტოვებენ.
ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში მიმდინარე მარტის ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და ფინიშის სწორზე 28 მარტს გავა.







